28 წლის არგენტინელი თავდამსხმელი ლუკას დავიდ პრატო, შესაძლოა, ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მაისურით ვიხილოთ.
პრატო თითქმის ერთი წელია ბრაზილიაში, “ატლეტიკო მინეიროში” თამაშობს. ამ გუნდის მაისურით ჩატარებულ 46 შეხვედრაში მან 21 გოლი გაიტანა.
ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს “სელესაოს” მთავარი მწვრთნელი დუნგა პრატოს ნაკრებში გამოძახებას გეგმავს და მხარეებმა ერთმანეთში უკვე ისაუბრეს. პრატო დუნგასთან შეხვედრის ფაქტს ადასტურებს და აცხადებს, რომ მისი მიზანი არგენტინის ნაკრებში თამაშია, მაგრამ თუ ასე არ მოხდა, უარს არც ბრაზილიაზე იტყვის:
“ დუნგამ მითხრა, რომ თუ ის ნაკრებს ბრაზილიის ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებისგან შეადგენდა, 9 ნომრით მე მათამაშებდა.
ჩემი ოცნება არგენტინის ნაკრებში თამაშია. თუ ასე არ მოხდა, ბრაზილიელებს შეუძლიათ დამიკავშირდნენ და ვნახოთ, რა მოხდება.
ლუკას პრატო არგენტინაში, ლა პლატაშია დაბადებული. პროფესიონალური კარიერა მან “ბოკა ხუნიორსში” დაიწყო. 2011/12 წლების სეზონში, არგენტინელი ფეხბურთელი ევროპაში, კონკრეტულად კი იტალიურ “ჯენოაში” გამოდიოდა, მაგრამ არცთუ დიდი წარმატებით.