მეცხრე თვე მიდის, რაც საქართველოს ეროვნული ნაკრების სათავეში სლოვაკი სპეციალისტი, ვლადიმირ ვაისი დგას. ამ ხნის განმავლობაში, ერთადერთი დასამახსოვრებელი, რაც ვაისის გუნდმა მოახერხა, ესპანეთის დამარცხებაა. დანარჩენი სხვა შეხვედრები - ჯერ ვაისმა ვერ მოიგო. ესპანეთთან მოგებამ კი რაც ნაკრებს მისცა, ის იყო, რომ რეიტინგში ისეთ გუნდებს გავუსწარით, როგორც ნაურუ, ზიმბაბვე და სხვა დაბალი დონის ნაკრებებია.
ნათქვამია, რასაც დასთეს, იმას მოიმკიო. სწორე ასე მოსჩანს ნაკრებისა და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობის საქმე, თუმცა, როგორც დღეს გავარკვიეთ, სფფ-ს გენერალურ მდივანს, დავით მუჯირს მიაჩნია, რომ ვაისის ხელში, ეროვნულ ნაკრებს საოცარი მომავალი აქვს. ალბათ, მუჯირს ამის საფუძველს ის აძლევს, რა თამაშიც მოლდოვასთან ნახა... ეს ირონიაა, ცრემლებიც კი წამოცვივდება კაცს ასეთ არაკომპეტენტურობაზე, თუმცა უფრო დეტალურად მივყვეთ ვაისის მუშაობას და გადავავლოთ, რა გააკეთა მან სწორად.
პირველი თამაში, ყაზახეთის წინააღმდეგ ჩაატარა ვაისმა. უსახური ფრე - ეს იყო, რაც მარტში ვნახეთ და მოთმინებით აღვიჭურვეთ, ეს პირველი ტესტი იყო, მუშაობა ზაფხულში ავსტრიის შეკრებაზე უნდა გამოჩენილიყო. სლოვაკეთთან ნაკრები ნაკრებს არ ჰგავდა. შედეგმაც არ დააყოვნა - 3:1 - არანაირი მონახაზი. ასე წააგეს ქართველმა ფეხბურთელებმა, რომლებიც სივრცეში დაკარგული მზერით მოძრაობდნენ სტადიონზე. თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. რუმინეთთან თამაში დაწყებული არ იყო, ამისულაშვილი შეცდა და საკუთარ კარში სწრაფი გოლი მივიღეთ.
ევროპული შეკრების ბოლო ტესტი ესპანეთთან შედგა. 40-ე წუთზე, თორნიკე ოქრიაშვილმა მოწინააღმდეგის კარი აიღო და ვაისს პოსტი გადაურჩინა. კულუარებში იმასაც ამბობდნენ, რომ გია გეგუჩაძე გამზადებული ჰყავდათ, რომ იმ შეხვედრის შემდეგ, ნაკრები მისთვის უნდა ჩაებარებინათ, რაც ადრე თუ გვიან მაინც მასე მოხდება, როგორც თავის დროზე კახა ცხადაძემ თქვა, უბრალოდ, ბევრს ეცადა ფედერაცია, ცხადაძის რეპუტაცია შეელახა, იაფფასიანი კამპანიით. ცხადაძის განცხადებამ კი მათი გეგმები სამომავლოდ გადადო.
ესპანეთთან სათამაშო ხარისხი, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი იყო, თუმცა გამარჯვება გამარჯვება იყო და ეს მხოლოდ ფსიქოლოგიურად მოქმედებდა გულშემატკივარზე. რეიტინგის იქეთ, სხვა არაფერი მოუტანია ქართველი ფეხბურთელებისთვის ამ გამარჯვებას. ფეხბურთის ფედერაცია კი წელში გაიმართა, ჟურნალისტებს გვისაყვედურა კიდეც, როგორ არ ხართ ამ მოგებით ბედნიერებიო. მიკვირს კიდეც, მიუხედავად ასეთი კატასტროფული შედეგებისა, როგორ არ გვაძახებენ თავზე, რომ ესპანეთი დავამარცხეთ, თუმცა ამისთვის კარგი საფასურიც გადავიხადეთ.
მოვიდა შესარჩევი ეტაპიც. ავსტრია საქართველოს დედაქალაქს ესტუმრა. ამ თამაშმა ცხადყო კიდევ ერთხელ, რომ საქართველო მხოლოდ ერთი ტაიმის გუნდი იყო. საგოლე მომენტები შევქმენით, მაგრამ მაინც წავაგეთ. თითქოს, ნაკრები იმედის მომცემად გამოიყურებოდა, ამიტომ, გულშემატკივარი მოთმინებით ელოდა შემდეგ თამაშებს.
ირლანდიასთანაც წავაგეთ - შეხვედრის მიწურულს, საქართველომ ბურთი გაუშვა და ის ქულა, რომლისთვისაც ასე გააფთრებული იბრძოდა, დაიკარგა.
მიუხედავად მარცხისა, ერთი ტაიმი იქაც კარგი გამოვიდა, მთლიანობაში თამაშს არაუშავდა. რამდენიმე დღეში კი წინ ბეილი და უელსი გველოდა. საშინლა ჩატარებული პირველი ნახევრის შემდეგ, მეორე ტაიმში, ინიციატივა ქართველებმა იგდეს ხელთ, რასაც ოქრიაშვილის გოლიც მოჰყვა და ცოტა იღბალიც რომ ყოფილიყო, ალბათ, საქართველოს საი ქულა უნდა წამოეღო. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ვლადიმირ ვაისი პირველი მწვრთნელია, რომლის ხელშიც, საქართველომ უელსს ვერ მოუგო. იტყვით, ალბათ, რომ მაშინდელი უელსი და საქართველო სხვა იყო, მაგრამ ფაქტი ხომ მაინც ჯიუტია.
ირლანდიისა და უელსის შემდეგ, იმედი გაჩნდა, რომ საქართველო ჯგუფის აუტსაიდერ მოლდოვასთან პირველ სამ ქულას მოიპოვებდა. თამაშამდე, ფეხბურთელებისგან მხოლოდ ის ისმოდა, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო მინდორზე, მხოლოდ მოგებული გამოვიდოდა იქიდან ნაკრები. ვაისს თამაშამდე ჰკითხეს, ამჯერად მაინც თუ ითამაშებდა ნაკრები პირველ ნომრად და რა მივიღეთ? - საქართველოზე გაცილებით დაბალი დონის მოლდოვასთან, გუნდს არ ჰქონდა არცერთი დავალება. სამი გადაცემა არ გაკეთებულა მიყოლებით. მატჩის დასაწყისშივე, ინიციატივა მოლდოველებს მივეცით. თუმცა, პირველი გოლის გატანა მაინც ჩვენ შევძელით, ვაკო ყაზაიშვილმა ეფექტური დარტყმით საქართველო წინ გაიყვანა. გოლის შემდეგ, ქართვემა ფეხბურთელებმა რამდენიმე ხიფათიც შექმნეს, მაგრამ ეს ყველაფერი ქაოსური იყო.
გასაოცარი კი ვაისის გადაწყვეტილებები იყო, რომელმაც მეორე ტაიმის სტარტშივე ნაკრები მინდორზე ფორვარდის გარეშე დატოვა. ვიფიქრებით, რომ ის ანგარიშის შენარჩუნებაზე თამაშობდა, თუმცა ქართველ ფეხბურთელებს ამისთვისაც კი არ გაუკეთებიათ არაფერი.
როგორ უნდა მოიგო, როდესაც მოსაგებად არასდროს თამაშობ? რისთვის იყო გამოსული ნაკრები მოედანზე? რა დავალება ჰქონდათ მიცემული მთავარი მწვრთნელისგან? ფლანგები სუსტი, ფორვარდი ფაქტიურად არ გვყავს. რას ნიშნავდა გიორგი არაბიძის გამოძახება ნაკრებში, რომელსაც წინა დღეს ჰქონდა თამაში? - ეს იყო მხოლოდ პოპულისტური ნაბიჯი, ისევე როგორც ჯაბა ლიპარტიასი, რომელიც ნაკრებში მხოლო ჟურნალისტების გასაჩუმებლად გამოიძახეს. ვინ იქნებოდა უკეთესი მინდორზე, დიდი ხნის უთამაშებელი კაპიტანი, რომელიც თავადაც აცხადებდა, რომ მზად არ იყო, თუ ტექნიკური ლიპარტია? ამისულაშვილს ეყო კაცობა და ნაკრებიდან წავიდა, მიხვდა, რომ ამდენი ლანძღვა არ ღირდა, ლადო დვალიშვილი როდის უნდა მიხვდეს ამას? მას მრავალი წელია შანსს აძლევენ, მაგრამ ეს ვერ გამოიყენა. ლევან მჭედლიძე - ადამიანი, რომელსაც ტრავმა უფრო მეტი აქვს, ვიდრე თამაში ჩატარებული. დავით სხირტლაძის შესახებ, ვაისს ძლივს გააგებინეს, მას აქვს პოტენციალი, რომლის გამოყენებაც შეიძლება. ძალიან სუსტი იყო ქვილითაია, ჭანტურია. სამწუხარო ისაა, რომ ვლადიმირ ვაისს არ ეყო გამბედაობა, საკუთარ თავზე აეღო მოლდოვასთან დაფიქსირებული შედეგი. საგოლე ეპიზოდში ლორია დაადანაშაულა, მარჯვენა ფლანგი, რომელსაც ზანტად ამაგრებდა ოთო კაკაბაძე, რომელმაც ჯგუფში ჩარჩენა შარდენზე განიქარვა. დიახ, თამაშის დასრულების შემდეგ, GOAL.GE-ს ჟურნალისტებმა ის შარდენის ერთ-ერთ ბარში შენიშნეს. ახალგაზრდა რომ ხარ, ყველაფერი წინ რომ გაქვს, რას ნიშნავს გასართობად წასვლა? გავიგეთ, რომ ეს შედეგიც არ გადარდებთ ფეხბურთელების ნაწილს, შემდეგ კი, ფედერაცია და მთავარი მწვრთნელი, ურცხვად დაგვარწმუნებს იმაში, რომ კაკაბაძე და ლობჟანიძე უკეთესი ვარიანტია, ვიდრე დონეცკის „ოლიმპიკში“ მოასპარეზე თემურ ფარცვანია, რომელიც დღეს, ამ ორივე ფეხბურთელზე უკეთესია. კაკაბაძე შესაძლოა პერსპექტივაში გამოდგეს, მაგრამ ახალგაზრდა მოთამაშე, რომელსაც არ აღელვებს შედეგები, რთულად წარმოსადგენია ამ სავალალო პერსპექტივაშიც.
სასაცილო კი ის არის, რომ თამაშის წინა დღეს, ვაისმა არაადეკვატური განცხადება გააკეთა. ყველა ფეხბურთელი, ვინც სიმბოლურში ხვდება, ნაკრებში ვერ გამოვიძახებო, ბევრი დაგროვდებაო. მეორე დღეს კი, როდესაც მედია მას აკრიტიკებდა, განსაკუთრებით მარჯვენა ფლანგზე დაშვებული შეცდომის გამო, საიდანაც გოლი გავიდა და ფარცვანიას არსებობა ისევ შეახსენა, ვაისმა თავი იმით იმართლა, რომ მას ქართული პასპორტი არ ჰქონდა, არადა, ფეხბურთის ფედერაციამ განმარტა, რომ ვაისი ამ მოთამაშით დაინტერესებული არ არის და კანდიდატად არ განიხილავს. მოლდოვასთან ჩაგდებული თამაშის შემდეგ, უწყებას და სლოვაკს სხვა გზა არ დარჩენიათ, ამ ვარიანტის განხილვისა.
მოსაძებნია თავდამსხმელი. რატომ ლადო დვალიშვილი და არა ბუდუ ზივზივაძე? - რას უწუნებენ ამ ბიჭს? თუკი ეროვნული ჩემპიონატიდან იძახებ ფეხბურთელს, ის სხვაზე უკეთესი უნდა იყოს, ვისზე უკეთესი იყო დვალიშვილი? ან ოდესმე ყოფილა?
თამაშის შემდეგ, სამარცხვინო განცხადებები მოვისმინეთ ფეხბურთელებისგან - იმ მოლდოველმა, კარიერაში პირველად გაიტანა ასეთი გოლი, ალბათ ვეღაც გაიტანსო. მაპატიეთ, მაგრამ ბევრჯერ უყურეთ და დაიმახსოვრეთ - მან ეს თქვენს კარში გაიტანა. შემდეგ რას იზამს, ეს თქვენი საქმე არ არის. თქვენ შეგარცხვინათ ყველანი.
ვლადიმირ ვაისს კი თამაშის შემდეგაც ვკითხე და ვუთხარი, რომ იმ ათიათასობით გულშემატკივარს, რომელიც სტადიონზე მისული იყო, იმედები გაუცრუა და მისი მწვრთნელობის დროს, ამდენ მაყურებელს ვეღარ იხილავდა სტადიონზე.
დავით მუჯირს კი შევახსენებდი, რომ მაქსიმუმ, რაც ვაისის მუშაობამ შეიძლება მოიტანოს, მის ანგარიშზე დარიცხული ხელფასი იქნება. ბონუსები კი აქვს მსხვილი, მაგრამ თქვენც გწყინთ ალბათ, ჯერ რომ ვერ მიიღო, ვერც მან და ვერც თქვენ...
რაც შეეხება ახალ სლოგანს, რომელიც შესარჩევი ციკლის წინ, ფეხბურთის ფედერაციამ მოიფიქრა - #მზადვარ უფრო პირიქით არის #არამზად(ა), მართალია, თუ ფეხბურთის თამაში არ გამოგდის, გული შარდენზე უნდა გადააყოლო!
#aramzad(a)
15 ნოემბერი 2016, 10:14
amxela statiaa da wavaget wavaget weria marto 🙁
Qecbaias uazro "strategias" Cxadadzis mier tavisi aylayuda shvilis warmochineba daerto. Vaisis xelshi ki titqos tamashoben magram mogebas ver vxedavt. Principshi mteli 17 weli rac fexburts vuyureb sul eseti nakrebi gvyvavs😃