„ვალენსიასთან“ განცდილი მარცხის შემდეგ კატალონიის „ბარსელონას“ ხელმძღვანელები ძირეული ცვლილებების გატარებაზე დაფიქრდნენ. საქმე „ბლაუგრანას“ მთავარ მწვთნელს, ერნესტო ვალვერდეს ეხება, რომლისთვისაც „ღამურებთან“ ფიასკო შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს.
„კამპ ნოუს“ ბინადრების ბოსები ესპანელი სპეციალისტის კოლექტივის მიერ ნაჩვენები ბოლოდროინდელი შედეგებით უკმაყოფილოები არიან და ვითარების გამოსწორებას აპირებენ. კატალონიური რადიო RAC1-ის ინფორმაციით „ბარსელონას“ მესვეურებს სურთ ისეთი დამრიგებელი დანიშნონ, რომელიც ვარჯიშზე უფრო მკაცრი იქნება, მნიშვნელოვან მომენტებში ცვლილებების განხორციელების არ შეეშინდება და „ბარსას“ უფრო შემტევ ფეხბურთს ათამაშებს.
ესპანური გამოცემა რამდენიმე კანდიდატურას ასახელებს, რომელთა შორის რონალდ კუმანი, მასიმილიანო ალეგრი, რობერტ მარტინესი, უნაი ემერი, ერიკ ტენ ჰაგი და ლორან ბლანი არიან. როგორც ირკვევა „ბარსელონას“ მმართველებს ფავორიტიც ჰყავთ შერჩეული და უპირატესობას რობერტო მარტინესს ანიჭებენ.
ესპანელი სპეციალისტი ბელგიის ნაკრებში მუშაობს და უკანასკნელი 35 შეხვედრიდან, მხოლოდ 3 აქვს წაგებული. მარტინესის შეგირდებმა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს და ამან ლა ლიგის წარმომადგენლებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.