აზარი რეალში, სატრანსფერო ბანი, სარის ნაცვლად ლამპარდი - ჩელსიში უმძიმესი პერიოდი იწყება
30 მაისი 2019, 15:10
ლონდონის "ჩელსიმ" სეზონი მაჟორულ ნოტაზე დაასრულა. მიუხედავად იმისა, რომ "არისტოკრატები" მთელი წლის განმავლობაში კოჭლობდნენ, პროგრამა მინიმუმი მაინც შესრულდა. კერძოდ: "ლურჯები" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდნენ და პარალელურად ევროპა ლიგის ტიტულსაც დაეუფლნენ.

"სტემფორდ ბრიჯზე" ნამდვილად არსებობს სიხარულის მიზეზი, მაგრამ რეალურად, რომან აბრამოვიჩის გუნდში უმძიმესი პერიოდი უკვე დაიწყო. უბედურება ნომერი ერთი: ედენ აზარი მადრიდის "რეალში" მიდის. დიახ, "ჩელსის" ბოლო წლების საუკეთესო ფეხბურთელის ტრანსფერს წინ აღარაფერი აღუდგება.
________________
ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ ლონდონელებს ადევთ ბანი და ბელგიელის სრულფასოვანი შემცვლელი 2020 წლის იანვრამდე ვერ მოვა. არსებობს სასჯელის გადავადების შესაძლებლობაც როგორც ეს თავის დროზე "სამეფო კლუბისა" და "ბარსელონას" მიმართებაში მოხდა.

იმ შემთხვევაში, თუ "არისტოკრატებს" მინიმუმ ნახევარი სეზონით მაინც შეიწყალებენ, აზარის წასვლა ისეთი მტკივნეული აღარ იქნება. "ლურჯების" კიდევ ერთი პრობლემა: ვინ იქნება გუნდის მთავარი მწვრთნელი?
_____________
მაურიციო სარიმ "ჩელსი" მოახვედრა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე და თან ტიტულიც მოაგებინა. ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ ლონდონელებმა იმსხვერპლეს ორი უპრინციპულესი მეტოქე: მეზობელი "არსენალი" და "მანჩესტერ იუნაიტედი".

იტალიელმა ერთი შეხედვით იდეალურად შეასრულა გეგმა, მაგრამ მისი და "არისტოკრატების" გზები მაინც იყრება. რატომ? განვიხილოთ ორი მიზეზი. პირველი - აპენინელის ხელში "ლურჯების" თამაშის ხარისხით უკმაყოფილონი დარჩნენ და ამის გარდა, არსებობს მოსაზრება, რომ 60 წლის თავკაცმა გასახდელზე კონტროლი დაკარგა.
_________________
არგუმენტები - 6:0 "მან სიტისთან", კეპა არისაბალაგას გამოხტომა ინგლისის ლიგის თასის ფინალში და ღია კონფლიქტი რამდენიმე ფეხბურთელთან. სარის სავარაუდო წასვლის მეორე მიზეზი: ვერსია, რომლის თანახმადაც, ინიციატორი თავად მწვრთნელია.

იტალიელს არ სურს იმ გუნდში მუშაობა, რომელიც უახლოესი ორი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ახალ ფეხბურთელებს ვერ შეიძენს. პარალელურად კი მაურიციოს ხომ ტურინის "იუვენტუსიც" ეპატიჟება.
________________
აპენინელი არჩევანის წინაშეა, სადაც ერთ მხარეს არის გუნდი, უკონკურენტოდ საუკეთესო სერია ა-ში, ტრანსფერებით, კრიშტიანუ რონალდუთი და ჩემპიონთა ლიგის მოგების პრეტენზიით. მეორე მხარეს კი "ჩელსი", ბანითა და მინიმუმ 5 კონკურენტით.

ლონდონში სარის შემცვლელად ფრენკ ლამპარდს მოიაზრებენ. ინგლისელი "არისტოკრატების" საკულტო ფეხბურთელია, იმაზე მეტადაც კი ვიდრე ზიდანი "რეალისთვის" ან გვარდიოლა "ბარსასთვის".
______________
რაც შეეხება ბრიტანელის სამწვრთნელო დოსიეს, "მანჩესტერის" დამარცხება და ერთი ნაბიჯი პრემიერ ლიგამდე, ეს ყველაფერი მოკრძალებულ "დერბი ქაუნთისთან" ერთად. "ლურჯები" ლამპარდში ხედავენ საკუთარ ზიზუს, პეპს ან კონტეს, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ ფრენკი სოლსკიაერი ან სოლარი აღმოჩნდეს.

ერთი სიტყვით, "სტემფორდ ბრიჯზე" ბევრი რამ შეიცვლება. არ შეიძლება დაბეჯითებით იმის თქმა, რომ უარესობისკენ. ვნახოთ, იქნებ "ჩელსიმ" გამოსავალიც კი მოძებნოს.
კომენტარები (0)
კომენტარები ჯერ არ არის
სიახლეები | Iunaitedi | აზარი რეალში, სატრანსფერო ბანი, სარის ნაცვლად ლამპარდი - ჩელსიში უმძიმესი პერიოდი იწყება