სამსახურის მოლოდინში მყოფი მენდი - ჩელსის მეკარის უცნობი ისტორია
4 ოქტ 2020, 12:40
ედუარდ მენდი რამდენიმე დღის წინ ლონდონის "ჩელსის" "რენიდან" 22 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. სპორტულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ დროს სენეგალელი გოლკიპერი საფრანგეთში, ადგილობრივი სამსახურის რიგში იმყოფებოდა.

მენდიმ საფეხბურთო კარიერა 2011 წელს კლუბ "ჩერბურგში" დაიწყო, რომელიც საფრანგეთის მესამე დივიზიონში გამოდიოდა. 3 სეზონის შემდეგ გუნდმა ედუარდს კონტრაქტი აღარ გაუხანგრძლივა. იმ პერიოდში სენეგალელით არცერთი გუნდი არ დაინტერესდა და ის სამსახურის გარეშე დარჩა.

"ჩელსის" ახალი მეკარე 1 წლის განმავლობაში სხვადასხვა სამსახურში ცდილობდა მუშაობას, მაგრამ არსად არ იღებდნენ. საუბარია კაფე-ბარებზე, მიტანის სერვისზე და ა.შ

მისი სპორტული კარიერა დასასრულისკენ მიდიოდა, მაგრამ საბედნიეროდ "მარსელი" აღმოჩნდა ის კლუბი, რომელმაც მენდი შეიფარა. 1 წლის განმავლობაში ის "მარსელის" მეორე გუნდში თამაშობდა. ამის შემდეგ იყო "რეიმსი." 28 წლის ფეხბურთელმა ახალ კლუბში შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და გუნდს ლიგა 1-ში გადასვლაში დაეხმარა. ჩაატარა 34 შეხვედრა და მხოლოდ 24 გოლი გაუშვა.

გასულ წელს კი 7 მილიონი ევროს სანაცვლოდ ედუარდი "რენმა" შეიძინა, სადაც 33 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მენდიმ საკუთარი ძალები შესანიშნავად წარმოაჩინა და მისით "ჩელსი" დაინტერესდა.

სენეგალელი მეკარე დღეს უკვე "არისტოკრატების" ღირსებას იცავს და მეტიც, ფრენკ ლამპარდი მას ძირითადი შემადგენლობის წევრად მოიაზრებს.

ერთ დროს უგუნდოდ დარჩენილი მეკარე, ახლა მსოფლიოს ერთ-ერთი გრანდის ძირითადი კიპერია.
კომენტარები (0)
კომენტარები ჯერ არ არის
სიახლეები | Hazard | სამსახურის მოლოდინში მყოფი მენდი - ჩელსის მეკარის უცნობი ისტორია