„ბარსელონას“ ფეხბურთელის, უსმან დემბელეს მომავალი დღეს გაირკვევა. უცხოურ პრესაში ფრანგ შემტევს რამდენიმე კლუბს უკავშირებენ და მის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება.
რამდენიმე საათის წინ, დემბელეზე ცნობილმა სატრანსფერო ექსპერტმა, ფაბრიციო რომანომ დაწერა. ამ უკანასკნელმა უარყო ცნობები თითქოს „პარი სენ-ჟერმენსა“ და „ბარსელონას“ შორის შეთანხმება შედგა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ვარიანტიც გამორიცხა. რომანოს ინფორმაციას L'Équipe-ც ადასტურებს და დასძენს, რომ პარიზული გრანდი იანვარში ფეხბურთელების დამატებას საერთოდ არ აპირებს.
L'Équipe ერთადერთი არაა, რომელიც პსჟ-სა და დემბელეს თანამშრომლობას შეუძლებლად თვლის. Le Parisien-ის თანახმად, პარიზული გრანდი უსმანს იანვარში არ გაიფორმებს და დარჩენილ დროში გამორიცხულია რამე შეიცვალოს.
შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად, „ბარსელონა“ დემბელეს საკითხზე მუშაობას აქტიურად განაგრძობს და ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავს. ამ ეტაპზე, მისი პრემიერ ლიგაში გადასვლა ყველაზე მეტადაა მოსალოდნელი და გუშინ, „ტოტენჰემის“ ინტერესის შესახებ დაიწერა. თუმცა „დეზები“ უსმანის ხელფასის სრულად დაფარვას არ გეგმავენ და „ბარსელონასგან“ კომპრომისს ელიან. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათია დარჩენილი და დემბელეს „კამპ ნოუზე“ დარჩენის ალბათობა ძალიან მცირეა.