ფარიდ ალიდუ „ჰამბურგში“ 2019 წლიდან ირიცხება, თუმცა ხშირ შემთხვევაში გერმანული კლუბის ასაკობრივ გუნდებში უწევს თამაში. ძირითად შემადგენლობაში კი ხშირად თამაშის საშუალება არ ეძლევა.
ბოლო პერიოდში, ახალგაზრდა შემტევმა პროგრესი განიცადა და „ჰამბურგის“ მწვრთნელი უფრო მეტ ნდობას უცხადებს, თუმცა გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერმა მისი წარმატებული სვლა შედარებით გააუფერულა.
გერმანული გამოცემა HSV24 ალიდუზე და ქართველ ფეხბურთელზე წერს:
„ამ ბოლო დროს, ალიდუ საკუთარი თავის სიძლიერის დამტკიცებას „ჰამბურგში“ ვერ ახერხებს. ზამთარში გადმოსულ ახალწვეულ გიორგი ჩაკვეტაძეს სულ უფრო ხშირად ანიჭებენ უპირატესობას. მიუხედავად ამისა, 21-წლამდე ნაკრებში ალიდუს კარგმა თამაშმა შესაძლოა ტიმ ვალტერის გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონიოს.“
ცნობისთვის, ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ ტურში გერმანიამ ლატვიას უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა. ალიდუ მინდორზე 62-ე წუთზე გამოჩნდა და გავრცელებული ინფორმაციით კარგი მატჩი ჩაატარა.