კატის ყოლა 5 წლით აეკრძალა
1 ივნისი 2022, 17:50
„ვესტ ჰემის“ ფეხბურთელს, კურტ ზუმას ცხოველისადმი სასტიკად მოპყრობის ფაქტზე განაჩენი გამოუტანეს. მაისის ბოლოს, 27 წლის ფეხბურთელმა კატის ცემა აღიარა და ამ წუთამდე სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში იყო.

ბრიტანული პრესის ინფორმაციით, ზუმას სასჯელად საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა განესაზღვრა 180 საათის ოდენობით. ამასთან, მას კატის ყოლა მომდევნო 5 წლის განმავლობაში აეკრძალა.შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ, სოციალურ ქსელებში ვიდეო გავრცელდა, რომელზეც ზუმას დანაშაულია ასახული. იგი საკუთარ კატას ფიზიკურად უსწორდება და „ნისლიან ალბიონზე“ მის ქმედებებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მომხდარის გამო სპონსორებმა მასთან კონტრაქტი გაწყვიტეს, ხოლო „ჩაქუჩებმა“ ფულადი ჯარიმა დააკისრეს.

მომხდარის შემდეგ, ფრანგ უკანახაზელს კატა ცხოველთა დამცველებმა წაართვეს. შინაური ცხოველი ვეტერინარს გაასინჯეს და საბედნიეროდ, მას სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნებოდა. ინციდენტის შემდეგ, პეტიცია შეადგინეს და ზუმას დასჯას ითხოვდნენ, რამაც შედეგი გამოიღო.
კომენტარები (0)
კომენტარები ჯერ არ არის
სიახლეები | Hazard | კატის ყოლა 5 წლით აეკრძალა