უელსელი ფეხბურთელი, გარეტ ბეილი „რეალს“ დაემშვიდობა. 32 წლის შემტევმა სოციალურ ქსელებში პოსტი გამოაქვეყნა და „სამეფო კლუბსა“ და მის გულშემატკივრებს გამოეთხოვა.
„ამ შეტყობინებაში მინდა, ჩემს ყოფილ და ამჟამინდელ თანაგუნდელებს, მწვრთნელებს, კლუბის თანამშრომლებსა და გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო. აქ ცხრა წლის წინ მოვედი, როცა ახალგაზრდა ბიჭი ვიყავი, რომელსაც ოცნების ასრულება და რეალში თამაში სურდა. ჩემი ოცნება იყო ამ მაისურის მორგება, რეალის ემბლემის ჩემს მკერდზე დანახვა, სანტიაგო ბერნაბეუზე თამაში, ტიტულების დასაკუთრება და იმ წარმატების ნაწილად ყოფნა, რომლითაც ეს კლუბია სახელგანთქმული - ჩემპიონთა ლიგის მოგება. შემიძლია, უკან გავიხედო, გავიაზრო რა გამოვიარე და გულახდილად ვთქვა, რომ ოცნება ავისრულე და გაცილებით მეტსაც მივაღწიე. ამ კლუბის ისტორიის ნაწილად ყოფნა და იმის მიღწევა, რასაც ჩვენ მივაღწიეთ, საოცარი გამოცდილებაა, რომელსაც არასდროს დავივიწყებ. მინდა, ასევე მადლობა გადავუხადო კლუბის პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს, ხოსენ ანხელ სანჩესსა და რეალის ხელმძღვანელებს, რათა აქ თამაშის საშუალება მომცეს. ჩვენ ერთად შევქმენით მომენტები, რომლებიც კლუბისა და ფეხბურთის ისტორიაში სამუდამოდ დარჩება. ეს ჩემთვის დიდი პატივი იყო. მადლობა და HALA MADRID!”