Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, „პარი სენ-ჟერმენის“ სუპერვარსკვლავს, კილიან მბაპეს გუნდში სერიოზული ცვლილებების ხილვა სურს. 23 წლის ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი ახლახან გაახანგრძლივა და შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილი პსჟ-ის საფეხბურთო პროექტზე გავლენის მოხდენა გახლდათ.
მბაპეს შემადგენლობის გადახალისება სურს და იმედი აქვს, რომ ზაფხულში, პარიზული გრანდი 14 ადამიანს დაემშვიდობება. მათ შორის არიან გუნდის მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო და „პარი სენ-ჟერმენის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნეიმარი. ამ უკანასკნელის შესახებ აქტიურად იწერება და მისით პრემიერ ლიგის გრანდები ინტერესდებიან.
მბაპეს ასევე სურს, რომ კლუბი მაურო იკარდიმ, იულიან დრაქსლერმა, ანდერ ერერამ, იდრისა გეიემ, ლეანდრო პარედესმა, ტილო კერერმა, დანილო პერეირამ, ლაივინ კურზავამ, პაბლო სარაბიამ, ხუან ბერნატმა, კოლინ დაგბამ და სერხიო რიკომ დატოვონ. მთავარ მწვრთნელს რაც შეეხება, პოჩეტინოს შემცვლელის შესახებ ჯერჯერობით არაფერი იწერება.
შეგახსენებთ, რომ ბრიტანული პრესის მიხედვით, მბაპეს უფლება აქვს, მწვრთნელის შერჩევის პროცესში წვლილი შეიტანოს და თანაგუნდელების მომავალთან დაკავშირებით, სათქმელი ჰქონდეს. გამომდინარე აქედან, გუნდის მომავალი ფაქტობრივად მის ხელშია და „პარი სენ-ჟერმენისგან“ აქტიურ სატრანსფერო ფანჯარას უნდა ველოდოთ.