მატიას დე ლიხტი ადასტურებს, რომ „იუვენტუსთან“ ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებას აწარმოებს, თუმცა შეთანხმება ჯერჯერობით არ მომხდარა.
ნიდერლანდელ უკანახაზელს „ბიანკონერისთან“ ხელშეკრულება 2024 წლის ივნისში ეწურება. დე ლიხტი დამატებით 1 წელზე თანახმაა, თუმცა გამოსასყიდი თანხის შემცირებას ითხოვს. შეგახსენებთ, რომ სხვა გუნდებს ამჟამად მატიასის შეძენა 125 მილიონ ევროდ შეუძლიათ, ხოლო თავად ფეხბურთელი ახალ კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 80 მილიონს ითხოვს.
„სპორტულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს მე და „იუვენტუსი“ ახალ კონტრაქტზე შევთანხმდით. მოლაპარაკება მიმდინარეობს, მაგრამ რაიმეზე შეთანხმება არ მომხდარა და სიცრუე გავრცელდა.
მე ჯერ კიდევ 2 წელი დამრჩა აქ და მოსაფიქრებლად ბევრი დრო მაქვს. ჩემი პრიორიტეტი საკუთარი თავის განვითარებაა. თუ მომავალ წლებში „იუვენტუსის“ ერთ-ერთ ლიდერად მომიხსენიებენ, ნიშნავს იმას, რომ ეს გამომივიდა.“
დე ლიხტი „იუვენტუსში“
ახალგაზრდა ნიდერლანდელი ტურინულ გრანდს 2019 წელს ამსტერდამის „აიაქსიდან“ 85 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. 2019 წლიდან დღემდე, დე ლიხტმა „ბებერი ქალბატონის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 117-ჯერ მოირგო, 8 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.