პოლ პოგბა „იუვენტუსში“ დაბრუნებასთან საკმაოდ ახლოს არის. ამავდროულად, რომელუ ლუკაკუც იბრძვის „ინტერში“ დასაბრუნებლად. ეს ფაქტი კი ნათლად გვაჩვენებს, რომ სერია ა-ს დატოვება ყოველთვის კარგი იდეა არ არის.
იტალიის ჩემპიონატს ორივე ფეხბურთელი დააკლდა, მაგრამ რეალურად მათ უფრო ენატრებათ სერია ა. პოგბამ „ბებერი ქალბატონი“ 2016 წელს დატოვა და კარიერა „მანჩესტერ იუნაიტედში“ გააგრძელა, თუმცა ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც მას ჰქონდა დაგეგმილი.
ფრანგმა ნახევარმცველმა „წითელ ეშმაკებში“ 229 მატჩი ჩაატარა და 39 გოლი გაიტანა. ეს მხოლოდ ხუთით მეტია ტურინულ შედეგზე. იუვეში პოლმა 34 გოლი 178 ჩატარებულ შეხვედრაში გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ ინგლისური კლუბის ფანებს პოგბა არასდროს უყვარდათ. ან თავად პოლი გრძნობდა ასე. ნებისმიერ შემთხვევაში, 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ტურინში უფრო უყვარდათ, ვიდრე მანჩესტერში. პოგბას დღემდე ჰყავს მეგობრები „ბიანკონერიში“ და რაც მთავარია, ახლო ურთიერთობას ინარჩუნებს მასიმილიანო ალეგრისთან.
პოლმა „იუნაიტედში“ იმაზე მეტი ფული გამოიმუშავა, ვიდრე იუვეში, მაგრამ ფული ყოველთვის მთავარი არ არის. პოლს „იუვენტუსი“ ენატრება. ახლა მისთვის არ აქვს მნიშვნელობა რამდენს გადაუხდიან ყოფილ კლუბში. მას გადაწყვეტილი აქვს დაბრუნდეს იქ, სადაც კარიერის საუკეთესო წლები გაატარა.
იგივე ეხება რომელუ ლუკაკუსაც, რომელმაც „ინტერში“ ორი შესანიშნავი სეზონი გაატარა. 95 მატჩში 64 გოლი გაიტანა და 2020/2021 წლების სეზონის სერია ა-ს ჩემპიონი გახდა. მისი „ჩელსიში“ დაბრუნება მხოლოდ იმედგაცრუებას იწვევს, როგორც მისთვის, ასევე გულშემატკივრებისთვის.
ბელგიელმა ფეხბურთელმა მასში გადახდილი 113 მილიონი ევრო ვერ გაამართლა. ჩაატარა 44 მატჩი და მხოლოდ 15 გოლი გაიტანა. სეზონის მეორე ნახევარში კი ის სათადარიგოთა სკამის ფეხბურთელი გახდა. მისი ურთიერთობა ტომას ტუხელთან განადგურდა..
რეალურად, ლუკაკუ პოგბაზე ადრე მიხვდა, რომ მისი ადგილი სერია ა-ში იყო. გასული წლის დეკემბერში რომელუმ Sky Sport Italia-სთან საუბრისას „ინტერის“ ქომაგებს მისი გადაწყვეტილების გამო ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ „ნერაძურიში“ სიამოვნებით დაბრუნდებოდა. პირველი პრობლემები კი სწორედ აქ დაიწყო..
ეს მისთვის დასასრულის დასაწყისი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ლუკაკუმ ბოდიში მოიხადა, „ჩელსის“ გულშემატკივრებმა ეს განცხადება დღემდე ვერ აპატიეს. იტალიური მედიის ინფორმაციით, ბელგიელი „ინტერში“ დასაბრუნებლად მზად არის და ამისთვის ხელფასის 50%-საც კი შეიმცირებს.
რა თქმა უნდა, პოგბამ და ლუკაკუმ გაიაზრეს, რომ სერია A-ს დატოვება ყოველთვის კარგი იდეა არ არის,. მიუხედავად იმისა, რომ იტალიის ჩემპიონატი ევროპის უმდიდრესი ლიგა აღარ არის, მათ კარიერის საუკეთესო წლები იტალიაში გაატარეს და ახლა დაბრუნება ძალიან უნდათ. ისინი შესაძლოა მატერიალურად ისეთივე მდიდრები აღარ იყვნენ, მაგრამ, როგორც ფეხბურთელები, გაცილებით უკეთესები იქნებიან.