ჩელსი მზადაა ლუკაკუ გაუშვას - ლურჯები ლაუტაროს ითხოვენ
8 ივნისი 2022, 14:59
რომელუ ლუკაკუ შესაძლოა, „ინტერს“ დაუბრუნდეს. ბელგიელმა ფეხბურთელმა „ჩელსიში“ მასზე გაცემული ავანსები ვერ გაამართლა და მის წასვლაზე აქტიურად იწერება. იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ლონდონელები თანახმა არიან, ლუკაკუ გაუშვან.

„ლურჯებს“ პრობლემა არც იჯარაზე აქვთ, მაგრამ ლუკაკუს შემცვლელის მიღება სურთ. Corriere dello Sport-ის ცნობით, ლონდონელებს გარიგებაში „ინტერის“ რომელიმე ფეხბურთელის ჩართვა უნდათ და თვალი ლაუტარო მარტინესს, მილან შკრინიარსა და ალესანდრო ბასტონის დაადგეს.

ლუკაკუ მზადაა, „სტემფორდ ბრიჯის“ დასატოვებლად ხელფასიც შეიმციროს. „არისტოკრატებმა“ მის სანაცვლოდ 115 მილიონი ევრო გადაიხადეს და დღევანდელი პირობებით, მაქსიმალური თანხა, რის დაბრუნებაც სურთ, 25 მილიონი ევროა. საინტერესოა, რომ ლუკაკუს საკუთარ რიგებში ხილვით „ნერაძურიც“ ინტერესდება.

შეგახსენებთ, რომ ლაუტარო მარტინესი წარსულში „ტოტენჰემისა“ და „არსენალის“ რადარზეც იყო. გასულ სეზონში, მან 25 გოლი შეაგდო და რამდენჯერმე განაცხადა, რომ „ინტერის“ ერთგულია. შკრინიარსა და ბასტონის რაც შეეხებათ, ამ უკანასკნელს „მანჩესტერი“ და „ტოტენჰემი“ აკვირდებიან, შკრინიარის თაობაზე კი „ინტერსა“ და „ჩელსის“ შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.
კომენტარები (0)
კომენტარები ჯერ არ არის
სიახლეები | Hazard | ჩელსი მზადაა ლუკაკუ გაუშვას - ლურჯები ლაუტაროს ითხოვენ