აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის, ოკუპირებული ყირიმის, ხერსონის, მელოტოპოლის, ლუგანსკისა და დონეცკის საფეხბურთო კლუბები საერთო ჩემპიონატის შექმნას აპირებენ. ამ ინფორმაციას რუსული გამოცემა РБ Спорт-ი ავრცელებს და იუწყება, რომ ეს პროექტი განხილვის პროცესშია.
როგორც ირკვევა, მხარეები მსჯელობენ რამდენად შესაძლებელია მსგავსი ტურნირის შექმნა და ყველაფერი ზაფხულში გადაწყდება. 12 ივნისს, მოსკოვში, მათი კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება, რომელზეც აღნიშნულ საკითხზე დეტალურად ილაპარაკებენ.
РБ Спорт-ის ცნობით, ამ იდეის გაჩენა უკავშირდება იმას, რომ უახლოეს პერიოდში, უეფას პოზიციის გამო, ჩამოთვლილი ოკუპირებული რეგიონების ვერც ერთი წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციის წევრი ვერ გახდება და რუსეთის ჩემპიონატში ვერ იასპარეზებს. გამომდინარე აქედან, ალტერნატივების მოძიება გახდა საჭირო და ერთ-ერთი საერთო ჩემპიონატის შექმნაა, თუმცა РБ Спорт-ი დასძენს, რომ ეს მანამ ვერ მოხდება, სანამ აღნიშნულ ტერიტორიებზე მშვიდობა არ დაისადგურებს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, დაიწერა, რომ დიდი შანსია, მომდევნო სეზონში, აფხაზურმა კლუბმა რუსეთის რანგით მესამე დივიზიონში იასპარეზოს. Матч ТВ-ის ცნობით, ახალწვეული კლუბის ბაზა სოჭში იქნება და საშინაო მატჩებს სოხუმში გამართავს, მის სახელთან დაკავშირებით კი მსჯელობა ახლაც მიდის.