ფრენკი დე იონგი “ბარსელონადან" “მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლას დათანხმდა.
დიდხნიანი ყოყმანისა და ფიქრის შემდეგ, ფრენკიმ ტრანსფერზე თანხმობა განაცხადა. ინფორმაციას The Athletic-ი ავრცელებს.
ნახევარმცველის გარემოცვა ელოდა შემოთავაზებებს სხვა ევროპული ტოპ კლუბებისგან, როგორიცაა „ბაიერნი“, პსჟ ან „მანჩესტერ სიტი“, მაგრამ „ბარსას“ მიერ მოთხოვნილმა თანხამ 80 მილიონი ევრო, პოტენციური მსურველები დააფრთხო.
„მანკუნიანელები“ ტრანსფერს დროის საკითხად მიიჩნევენ და დარწმუნებულნი არიან, რომ ნიდერლანდელს გაიფორმებენ.
ჯერჯერობით ბოლო მოსაგვარებელ დეტალად თანხა სახელდება. „ბარსა“ პირდაპირ 80 მილიონს ითხოვს, „მანჩესტერი“ კი 60+20-ის გადასახდელად არის მზად.
„ბარსამ“ გააფრთხილა „მანჩესტერ იუნაიტედი“, რომ მათ დე იონგთან მოლაპარაკებების დასრულება 30 ივნისისთვის სურთ.
ფრენკი დიდი ხნის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ „ბარსელონაში“ დარჩენა სურდა. ახლა ის გაღიზიანებულია, რადგან კლუბმა მას გაყიდვის სურვილი დაუმალა.
კატალონიური კლუბის მხრიდან უნდობლობამ აიძულა დე იონგი შეეცვალა პოზიცია და დათანხმებულიყო „იუნაიტედში“ გადასვლას. ფეხბურთელის გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონია ერიკ ტენ ჰაგთან კარგმა ურთიერთობამ, რომელსაც „აიაქსიდან“ ძალიან კარგად იცნობს.
გასულ სეზონში 25 წლის დე იონგმა „ბარსას“ შემადგენლობაში 46 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.