ფიფამ გადაწყვეტილება მიიღო - ეკვადორის ნაკრები მუნდიალზე იქნება
11 ივნისი 2022, 01:37
ეკვადორის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლება შეინარჩუნა. დღეს, ფიფამ ჩილეს ფეხბურთის ფედერაციის მიერ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით, ვერდიქტი გამოიტანა და განაცხადა, რომ „ლა ტრის“ მუნდიალზე თამაში შეეძლება.

როგორც მოგეხსენებათ, ჩილეს ფეხბურთის ფედერაციის მიხედვით, ეკვადორის ნაკრების ფეხბურთელი, ბაირონ კასტილიო კოლუმბიელია, რის გამოც „ლა ტრის“ რიგებში თამაშის უფლება არ ჰქონდა. ჩილელებმა ფიფას დოკუმენტებიც წარუდგინეს, რომლებშიც დასტურდება, რომ კასტილიო კოლუმბიაში დაიბადა.

საინტერესოა ისიც, რომ კასტილია ოფიციალურად 23 წლისაა, მაგრამ ჩილეს ფეხბურთის ფედერაციის მიერ მიწოდებულ დოკუმენტებში ნათქვამია, რომ იგი სამი წლით უფროსია და რეალურად 26 წლისაა. ჩილე ითხოვს, რომ ეკვადორმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის რვა შეხვედრაში, რომლებშიც კასტილიომ მონაწილეობა მიიღო, ეკვადორის ნაკრებს ტექნიკური წაგება ჩაეთვალოს, რის შემდეგაც მუნდიალის საგზურს ჩილე მოიპოვებს.

სხვათა შორის, ფიფას სააპელაციო კომიტეტის გადაწყვეტილება საბოლოო არაა და ჩილეს ფეხბურთის ფედერაციას მისი გასაჩივრება სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში შეუძლია. უცხოური პრესის ინფორმაციით, რთული წარმოსადგენია, რამე შეიცვალოს და „ლა ტრი“ ყატარში ჩანიშნული მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩეს.
კომენტარები (0)
კომენტარები ჯერ არ არის
სიახლეები | Hazard | ფიფამ გადაწყვეტილება მიიღო - ეკვადორის ნაკრები მუნდიალზე იქნება