უსმან დემბელეს მომავალი კვლავ ბურუსით არის მოცული. 30 ივნისს ფრანგი შემტევი „ბარსელონას“ ფეხბურთელი აღარ იქნება. სპორტულ მედიაში უსმანს არაერთ გუნდს უკავშირებენ.
დემბელეს გარშემო აქტიურად ისმოდა „ჩელსის“ სახელი, თუმცა ბოლო პერიოდში „არისტოკრატებმა“ უსმანი დაივიწყეს და არანაირი ცნობა აღარ ვრცელდება.
მაგალითად, Mundo Deportivo წერს, რომ ახალგაზრდა ტალანტის გადაბირებას კვლავ „პარი სენ ჟერმენი“ ცდილობს. ლუის კამპოსი პირადად ცდილობს დემბელეს დარწმუნებას და ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ მისი შეძენაა.
პსჟ-ს ახალი სპორტული დირექტორის სასარგებლოდ კი სხვა რამ ხდება. Cadena Ser წერს, რომ „ბარსელონამ“ ფრანგ ფეხბურთელს ახალი შეთავაზება გაუკეთა, მაგრამ ისევ უარი მიიღო. დემბელეს კატალონიური გრანდის წინადადება არ მოსწონს და გაცილებით დიდ ანაზღაურებას ითხოვს. იქიდან გამომდინარე, რომ უსმანის კონტრაქტი 30 ივნისს იწურება, დიდი ალბათობით ყველაფერი ძალიან მალე გაირკვევა.
დემბელე „ბარსელონაში“
ფრანგი შემტევი „ბლაუგრანას“ 2017 წლის ზაფხულში „დორტმუნდის ბორუსიადან“ შეუერთდა. 2017 წლიდან დღემდე, უსმან დემბელემ „ბარსელონას“ მაისური 149-ჯერ მოირგო, 32 გოლი გაიტანა და 34 საგოლე გადაცემა შეასრულა.