არგენტინელი ფეხბურთელი, ანხელ დი მარია კარიერას „იუვენტუსში“ გააგრძელებს. ცნობილი ჟურნალისტების ინფორმაციით, 34 წლის შემტევი „ბებერი ქალბატონის“ წინადადებას დათანხმდა და მისი „იუვესი“ გადასვლა დროის ამბავია.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, მხარეებს შორის ბიუროკრატიული დეტალებიღაა მოსაგვარებელი. დი მარიას აგენტებისა და „იუვენტუსის“ ხელმძღვანელების მოლაპარაკებები დადებითად მიმდინარეობს და ორივე მხარე მუშაობს, რომ საბოლოო შეთანხმებას, რაც შეიძლება სწრაფად მიაღწიონ.
ცნობისთვის, „იუვეს“ გარდა, დი მარიასთვის „ბენფიკა“ და „ბარსელონა“ იბრძოდნენ. არგენტინელი ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი გახლავთ და იტალიური პრესის ცნობით, „ბებერ ქალბატონთან“ 1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნდება, სადაც კარიერას დაასრულებს.
შეგახსენებთ, რომ დი მარია „პარი სენ-ჟერმენში“ 2015 წელს გადავიდა. ფრანგული გრანდის მაისურით ჩატარებულ 7 სეზონში, დი მარიამ 294 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 91 გოლი გაიტანა და 111 საგოლე გადაცემა შეასრულა. 2021 წლის 19 მაისს, მონაკოს წინააღმდეგ გამართულ მატჩში იგი კლუბის ისტორიაში შევიდა. მან პარი სენ-ჟერმენის მაისურით თავისი 104-ე საგოლე პასი მიითვალა და ამ მაჩვენებლით კლუბის ისტორიაში საუკეთესო გახდა.