„მანჩესტერი არის გემი, რომელიც იძირება“
6 ივლისი 2022, 21:14
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელმა, კრიშტიანუ რონალდუმ გუნდის მე-3 ვარჯიში გააცდინა. ამ ინფორმაციას Goal ავრცელებს და იტყობინება, რომ „ოლდ ტრაფორდზე“ წარმოდგენა არ აქვთ პორტუგალიელი როდის დაბრუნდება ან საერთოდ დაბრუნდება თუ არა.

„მანჩესტერი სრულ სიბნელეში იმყოფება. კლუბში არ იციან, რონალდუ საზაფხულო ტურნეს დაწყებამდე, რომელიც სტარტს 12 ივლისს აიღებს, გუნდს შეუერთდება თუ არა“, - წერს ავტორიტეტული გამოცემა. „ოცნებათა თეატრზე“ მიმდინარე მოვლენებზე დიდი აჟიოტაჟია ატეხილი და ამ თემაზე საკუთარი პოზიცია „ტოტენჰემის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ჯეიმი ოჰარამ დააფიქსირა: „კრიშტიანუ რონალდუ გასულ სეზონში მანჩესტერის საუკეთესო ბომბარდირი იყო და მნიშვნელოვან მომენტებში უმაღლესი დონე აჩვენა. იგი გუნდს ტოვებს, რადგან ხედავს, რომ მანჩესტერი არის გემი, რომელიც იძირება. რამდენჯერ იხსნა მან გუნდი, როცა ჩვენ აქ ვისხედით, ვიცინოდით და ვამბობდით, რომ მანჩესტერისთვის ყველაფერი დასრულებული იყო? მნიშვნელოვან მომენტებში მან ყველაფერი საკუთარ თავზე აიღო და მთელი გუნდი ზურგით ათრია. ამას რამდენიმე თვის განმავლობაში აკეთებდა და ბუნებრივია, რომ არ უნდა დარჩეს იქ, სადაც ტიტულების მოგების შანსი არ აქვს. ამ ბიჭს უფლება აქვს თქვას, რომ მანჩესტერის მომავალი ნათელი არაა და მას ტიტულების მოგება სურს“.
ცნობისთვის, ბოლო დღეებში აქტიურად იწერება, რომ პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს კლუბის დატოვება სურს. მისით რამდენიმე ცნობილი გუნდი ინტერესდება და ერთ-ერთი მათგანი „ჩელსი“ გახლავთ. რამდენიმე საათის წინ, AS-მა რონალდუ „ბარსელონას“ დაუკავშირა, მაგრამ მოგვიანებით, ხერარდ რომერომ დაწერა, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
კომენტარები (0)
კომენტარები ჯერ არ არის
სიახლეები | Hazard | „მანჩესტერი არის გემი, რომელიც იძირება“