ცნობილი იტალიური გამოცემა, Tuttomercatoweb საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს და კრიშტიანუ რონალდუზე წერს. როგორც ირკვევა, პორტუგალიელ ფეხბურთელს „ბაიერნში“ გადასვლა სურს და მისი აგენტი, ჟორჟე მენდეში ამაზე აქტიურად მუშაობს.
@@@
მთავარი გამოწვევა რობერტ ლევანდოვსკის საკითხია. თუ პოლონელმა თავდამსხმელმა „რეკორდმაისტერის“ რიგები არ დატოვა, კრიშტიანუს ტრანსფერი გამორიცხულია. Tuttomercatoweb -ის ცნობით, რამდენიმე დღის წინ გამართულ შეხვედრაზე, რომელიც მენდეშსა და „ბარსელონას“ ხელმძღვანელებს შორის გაიმართა, რონალდუს აგენტს სურდა, დარწმუნებულიყო, რომ „ბლაუგრანა“ „ლევას“ გაიფორმებდა.
@@@
Tuttomercatoweb-ის ცნობით, მენდეშმა გარანტიები მიიღო და ამის შემდეგ გააქტიურდა. მას კატალონიურ კლუბთან კარგი ურთიერთობა აქვს და ვითარების გარკვევაში ეს ფაქტორი ძალიან დაეხმარა. საინტერესოა, რომ რამდენიმე გერმანელი ჟურნალისტის თქმით, „ბაიერნმა“ პოზიცია შეიცვალა და რონალდუს ტრანსფერზე დაფიქრდა.
@@@
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუს „ოლდ ტრაფორდის“ დატოვება სურს და შვებულების შემდეგ, კლუბში არ დაბრუნებულა. პორტუგალიელი „იუნაიტედში“ არყოფნას ოჯახური მიზეზებით ხსნის და ბრიტანულ პრესას თუ დავუჯერებთ, „წითელ ეშმაკებს“ საზაფხულო ტურნეს მის გარეშე დაწყება მოუწევთ.@@@