„დინამო ბათუმის“ მარცხენა მცველი, ირაკლი აზაროვი კარიერას „ცრვენა ზვეზდაში“ გააგრძელებს. ამაზე აქტიურად იწერება და დღეს, სერბულ პრესაში ტრანსფერთან დაკავშირებით, ახალი ინფორმაცია გავრცელდა.
@@@
Sportski-ს ცნობით, ბელგრადული კლუბი აზაროვის სანაცვლოდ 300 000 ევროს გადაიხდის. ამასთან, მისი გასხვისების შემთხვევაში, „ცრვენა ზვეზდას“ მოუწევს, მიღებული თანხის 20 პროცენტი „დინამო ბათუმს“ გადასცეს. Sportski-ს თუ დავუჯერებთ, ტრანსფერი ოფიციალურად დღეს უნდა გამოცხადდეს.
@@@
გეტყვით იმასაც, რომ TVarenasport-ის მიხედვით, ცრვენა ზვეზდას გარდა, აზაროვის გაფორმებით იტალიური კლუბი ინტერესდებოდა. არჩევანი თავად ფეხბურთელმა გააკეთა და ყველაფრიდან გამომდინარე, უპირატესობა სერბეთის ჩემპიონის რიგებში თამაშს მიანიჭა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად იბრძვის.
@@@
შეგახსენებთ, რომ ირაკლი აზაროვი თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია, ბოლო წლებში კი ბათუმის „დინამოში“ გამოდიოდა. გია გეგუჩაძის გუნდში ახალგაზრდა ფეხბურთელმა 65 მატჩი ჩაატარა, სადაც 4 გოლითა და 10 საგოლე გადაცემით გამოირჩა.