აღმოსავლეთისა და დასავლეთის…
🇩🇪 🏆 აღმოსავლეთისა და დასავლეთის ისტორიული დაპირისპირება მსოფლიო ჩემპიონატზე!
1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრამ ნამდვილი სიურპრიზი არგუნა გულშემატკივარს — ტურნირის მასპინძელი დასავლეთ გერმანია ჯგუფის დასკვნით მატჩში თავის სოციალისტ მეზობელს, აღმოსავლეთ გერმანიას დაუპირისპირდა.
მიუხედავად იმისა, რომ მატჩის დაწყებამდე ორივე გუნდს განაღდებული ჰქონდა შემდეგ ეტაპზე გასვლა, ამ ფაქტს შეხვედრის ირგვლივ არსებული უდიდესი მოლოდინი და პოლიტიკური დაძაბულობა არ შეუმცირებია. ჰამბურგის „ფოლკსპარკშტადიონზე“ გამართულ თამაშს 60 000-მდე მაყურებელი დაესწრო, საიდანაც მხოლოდ 1500-მდე საგანგებოდ შერჩეული გულშემატკივარი იყო აღმოსავლეთ გერმანიიდან.
ფავორიტად დრეზდენში დაბადებული ჰელმუტ შიონის გაწვრთნილი დასავლეთ გერმანია მიიჩნეოდა, თუმცა გამარჯვება მათმა მეტოქემ მოიპოვა. „მაგდებურგის“ თავდამსხმელმა, იურგენ შპარვასერმა 77-ე წუთზე ერთადერთი გოლი გაიტანა და აღმოსავლეთ გერმანიას ჯგუფში პირველი ადგილი მოუპოვა.
თუმცა, გდრ-ის ნაკრებისთვის ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლა არც ისე ხელსაყრელი აღმოჩნდა — ისინი გაცილებით რთულ მეორე ჯგუფურ ეტაპზე მოხვდნენ არგენტინასთან, ბრაზილიასთან და ნიდერლანდებთან ერთად. დასავლეთ გერმანიას კი შედარებით იოლი მეტოქეები შეხვდა: პოლონეთი, შვედეთი და იუგოსლავია. მასპინძლებმა თავიანთ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს, ფინალში რინუს მიხელსის „ტოტალური ფეხბურთის“ მიმდევარი ნიდერლანდები დაამარცხეს და ჩემპიონები საკუთარ კედლებში გახდნენ.
ირონიულია, რომ ამ ისტორიული გოლის გატანიდან 14 წლის შემდეგ, 1988 წელს, იურგენ შპარვასერი დასავლეთ გერმანიაში გაიქცა. სულ რაღაც ორ წელიწადში კი გერმანია გაერთიანდა და ქვეყნის 41-წლიანი გაყოფის ისტორიაც დასრულდა.