ცოტა თუ იცნობს ამ ფეხბურთელს
🚨 ცოტა თუ იცნობს ამ ფეხბურთელს... 🤔
⚪⚫ გამხდარი, ხუჭუჭთმიანი ბიჭი „უდინეზეს“ შავ-თეთრი მაისურითა და გულმკერდზე „ზანუსის“ სპონსორით — ეს იტალიური ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი კადრია. ფრიულელებისთვის ის უბრალო ფეხბურთელი არ ყოფილა; მან პროვინციული კლუბი საფეხბურთო სამყაროს ცენტრად აქცია. ეს არტურ ანტუნეს კოიმბრაა, მსოფლიოსთვის ცნობილი როგორც ზიკო — ერთადერთი მოთამაშე, რომელზეც თავად პელემ თქვა, რომ სტილით ყველაზე მეტად ჰგავდა.
🇧🇷 ზიკო 1953 წლის 3 მარტს, რიო-დე-ჟანეიროს კინტინოს უბანში დაიბადა. ბავშვობაში იმდენად გამხდარი და სუსტი იყო, რომ ბევრი მის პროფესიონალურ ფეხბურთში დარჩენას ეჭვქვეშ აყენებდა. თუმცა „ფლამენგოს“ აკადემიაში დატვირთული ვარჯიშებისა და სპეციალური დიეტის წყალობით, პატარა „არტურზიკო“ ნამდვილ ათლეტად ჩამოყალიბდა და „კინტინოელი მამლის“ მეტსახელიც დაიმსახურა.
🔥 „ფლამენგოში“ მისი დებიუტი 1971 წელს შედგა. ზიკო კლასიკური „ათიანი“ გახლდათ — გენიალური ხედვითა და დაუნდობელი დაგვირგვინებით. 1981 წელს მან გუნდს კოპა ლიბერტადორესი მოაგებინა, საკონტინენტთაშორისო თასზე კი „ლივერპული“ 3:0 გაანადგურა და მატჩის საუკეთესო მოთამაშეც გახდა.
💣 1983 წელს, როცა ზიკო მსოფლიოში საუკეთესო იყო, მისით „იუვენტუსი“, „მილანი“ და „რეალ მადრიდი“ ინტერესდებოდნენ, თუმცა ტრანსფერი მოულოდნელად „უდინეზემ“ 4 მილიონ დოლარად დახურა! იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ტრანსფერი ფინანსური გარანტიების გამო დაბლოკა, რასაც უდინეს ქუჩებში გულშემატკივართა მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფანებმა ბანერიც კი გამოაფინეს: „ან ზიკო, ან ავსტრია!“. ფედერაცია იძულებული გახდა დათმობაზე წასულიყო და „რიოს მეფე“ იტალიაში ჩავიდა.
🎯 1983-84 წლების სეზონში, სადაც მიშელ პლატინი, დიეგო მარადონა, ფალკაო და კარლ-ჰაინც რუმენიგე თამაშობდნენ, ზიკომ 24 მატჩში 19 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში პლატინის მხოლოდ 1 გოლით ჩამორჩა. მისი საჯარიმო დარტყმები ნამდვილი ხელოვნება იყო.
💔 მეორე სეზონში ტრავმებმა და საგადასახადო პრობლემებმა ხელი შეუშალა, 1985 წელს კი ისევ „ფლამენგოს“ დაუბრუნდა. იტალიაში სულ 39 მატჩი ჩაატარა, თუმცა უდინეში დღემდე საპატიო მოქალაქედ და ლეგენდად ითვლება.
✨ ბრაზილიის ნაკრებში ზიკო 1982 წლის იმ ჯადოსნური გუნდის ლიდერი იყო, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატი არ მოუგია, თუმცა ფეხბურთის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაწერა სახელი. 1986 წლის მუნდიალზე ტრავმირებულმა ითამაშა, საფრანგეთთან მეოთხედფინალში პენალტი გააცუდა, თუმცა მატჩისშემდგომ სერიაში დარტყმა მაინც ზუსტად შეასრულა.
🇯🇵 1991 წელს ზიკო იაპონიაში გადაბარგდა და „კაშიმა ანტლერსში“ ადგილობრივი ფეხბურთის პროფესიონალიზაციას ჩაუყარა საფუძველი. მოგვიანებით მან იაპონიის ნაკრებსაც უხელმძღვანელა და 2004 წელს აზიის თასი მოაგებინა.
👑 „თეთრი პელე“ — ასე მოიხსენიებდნენ ზიკოს, ფეხბურთელს, რომელმაც დაამტკიცა, რომ ნამდვილი დიდება ტიტულებზე მეტად იმ სიხარულშია, რომელსაც ხალხს აჩუქებ.