6 მილიონი ფუნტი და საიდუმლო ჩანაწერები: "მანჩესტერ იუნაიტედი" ედი ჰაუს კანდიდატურას განიხილავს!


ფოტო: skysports.com

"მანჩესტერ იუნაიტედში" სიტუაცია ზღვრამდე იძაბება! მაიკლ კარიკის სავარაუდო წასვლისა და სამწვრთნელო სკამზე მოსალოდნელი ცვლილებების ფონზე, "ოლდ ტრაფორდზე" სერიოზული სამზადისი დაიწყო. ბრიტანული პრესა უკვე ღიად წერს იმ ტოპ კანდიდატზე, რომელმაც შესაძლოა "წითელი ეშმაკები" ჩაიბაროს.

როგორც The Telegraph იუწყება, "მანჩესტერ იუნაიტედს" "ნიუკასლიდან" ედი ჰაუს გადაბირების შემთხვევაში 6 მილიონ ფუნტამდე კომპენსაციის გადახდა მოუწევს. ეს არც ისე ცოტა თანხაა, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობა თამაშის ხარისხის სასწრაფოდ გამოსასწორებლად ნებისმიერი სცენარისთვის ემზადება.

საინტერესოა, რომ ინგლისელი სპეციალისტი უკვე აქტიურ რეჟიმში ადევნებს თვალს მანჩესტერელთა შეხვედრებს. The Sun-ის ცნობით, ედი ჰაუ "იუნაიტედის" მატჩებს ყურადღებით აკვირდება და სპეციალურ ჩანაწერებსაც აკეთებს. ამასთანავე, The Express-ის ინფორმაციით, შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში ჰაუ მოითხოვს, რომ კლუბში თავისი სრული სამწვრთნელო შტაბი მიიყვანოს, რათა გუნდში საკუთარი ტაქტიკური ხედვების დანერგვა პირველივე დღიდან შეძლოს.

ჰაუს გარდა, "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობაში სერიოზული მხარდაჭერა იულიან ნაგელსმანსაც აქვს (The Times-ის ცნობით). თუმცა, ჰაუს პრემიერლიგური გამოცდილება და დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღება მას ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად აქცევს.

ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები – "ოლდ ტრაფორდზე" დიდი ცვლილებების სუნი ტრიალებს!

წყარო: skysports.com
კომენტარები ჯერ არ არის — იყავი პირველი!