რონალდ კუმანმა „ბარსელონაში“ მისვლიდან ძალიან მალევე გუნდს თავისი ხელი დაატყო და „ბლაუგრანა“ ძველებურად ლაღად აათამაშა.
ყველასათვის ცნობილია კუმანის მიდგომები - მან სავარჯიშო სესიის ხანგრძლივობა გაზარდა და წვრთნის პროცესისას ფეხბურთელებს დატვირთვები მოუმატა. როგორც ირკვევა, ლეო მესი ყველაზე მეტად სწორედ ფიზიკური მომზადების მხრივ დანერგილი ცვლილებებით არის მოხიბლული.
ესპანური Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ლეო ფიზიკური დატვირთვების გაზრდით განსაკუთრებით კმაყოფილია და კუმანის სამწვრთნელო შტაბით მოხიბლულია.
ნიდერლანდელმა სპეციალისტმა ფიზმომზადება ალბერტ როკას ჩააბარა, რომელიც „ბარსელონაში“ ადრეც მუშაობდა. კერძოდ 2003-2009 წლებში.
ახალი სახეებით დაკომპლექტებულმა სამწვრთნელო შტაბმა „ბლაუგრანას“ თავისი ხელი უკვე დაატყო. როკას გარდა კუმანის გუნდში ალფრედ შროიდერი და ჰენრიკ ლარსონი მუშაობენ.
შროიდერი ბოლო წლებში ამსტერდამის „აიაქსში“ ერიკ ტენ ჰაგის თანაშემწე იყო და თავის მოვალეობას მაღალ დონეზე ასრულებდა.
ლარსონს ფორვარდების მომზადება ევალება. ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, კუმანმა მას ანსუ ფატი პირადად მიაბარა. ლეგენდარული შვედი 17 წლის ფორვარდს საჯარიმოში ჭკვიანურად და ეფექტურად მოქმედებაში ავარჯიშებს. როგორც „სელტასთან“ მატჩში ვიხილეთ, ანსუ „გაკვეთილებს“ საკმაოდ კარგად ითვისებს.