სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღე
31 იანვ 2022, 14:59
დღეს, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა იხურება და გუნდებს შემადგენლობის გასაძლიერებლად რამდენიმე საათი დარჩათ. უცხოურ პრესაში შესაძლო ტრანსფერების შესახებ აქტიურად იწერება და ჩვენ ცნობილი გამოცემების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას LIVE რეჟიმში მოგაწვდით.

Sun-ის ცნობით, „სიტი“ ხულიან ალვარესის ტრანსფერს ოფიციალურად დღეს გამოაცხადებს.

„სოსიედადი“ მზადაა, ალექსანდერ ისაკს შეელიოს, ოღონდ მის სანაცვლოდ 90 მილიონი ევრო სურს და ამხელა თანხის გადახდას არავინ გეგმავს. შვედი ფეხბურთელით „არსენალი“ ინტერესდებოდა, მაგრამ „მეთოფეები“ სხვა ვარიანტებს განიხილავენ.

Le Parisien: „პარი სენ-ჟერმენი მზად იყო, დემბელეს სანაცვლოდ ანხელ დი მარია, მაურო იკარდი ან ხუან ბერნატი დაეთმო, მაგრამ არაფერი გამოვიდა. უსმანი პარკ დე პრენსს სავარაუდოდ ზაფხულში მიაშურებს“.

„ტოტენჰემი“ და „ნიუკასლი“ მზად არიან, იანიკ კარასკოს გამოსასყიდი თანხა, 60 მილიონი ევრო გადაიხადონ. ფეხბურთელის აგენტი, პინი ზაჰავი ორივე კლუბთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

„ნიუკასლს“ ისა დიოპის, მეტ ტარგეტის, ჯესი ლინგარდისა და უგო ეკიტიკეს გადაბირება სურს. ბრიტანული პრესის ცნობით, „კაჭკაჭები“ ეკიტიკეს ტრანსფერთან ახლოს არიან.

Sky Sports-ის ცნობით, დონი ვან დე ბეეკი „ევერტონში“ სამედიცინო შემოწმებას ამ წუთებში გადის.



„ტოტენჰემის“ ფეხბურთელი, ბრაიან ხილი „ვალენსიას“ იჯარის წესით შეუერთდება.

ივ ბისუმამ შესაძლოა „ბრაიტონი“ დატოვოს თუ „თოლიებმა“ სათანადო წინადადება მიიღეს. მისით რამდენიმე კლუბი ინტერესდება.

ფრანგული პრესის ინფორმაციით, უსმან დემბელე „პარი სენ-ჟერმენში“ არ გადავა. ყოველ შემთხვევაში, ეს იანვარში ნამდვილად არ მოხდება.

„ბარსელონას“ „არსენალის“ თავდამსხმელის, პიერ-ემერიკ ობამეიანგის დამატება სურს და მიზნის მისაღწევად ძალებს არ იშურებს. Marca-ს ინფორმაციით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია შესული და დემბელეს საკითხის გარდა, ამ გარიგებას არაფერი აბრკოლებს. ესპანური გამოცემა დასძენს, რომ გაბონელი შემტევი მზადაა, „ბარსაში“ გადასასვლელად ხელფასის შემცირებას დათანხმდეს.

Mirror-ის ინფორმაციით, „არსენალმა“ ალვარო მორატას შეძენა კიდევ ერთხელ სცადა. „მეთოფეებს“ ესპანელთან სატელეფონო ზარი ჰქონდათ, მაგრამ მორატამ განაცხადა, რომ სეზონის „იუვენტუსში“ ჩამთავრება სურს.
კომენტარები (0)
კომენტარები ჯერ არ არის
სიახლეები | Hazard | სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღე