La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ტურინის „იუვენტუსი“ ანტონიო რუდიგერთან თითქმის ყველა დეტალზე შეთანხმდა და გერმანელი მცველი დიდი ალბათობით, ახალი სეზონიდან კარიერას სერია ა-ში გააგრძელებს.
წყარო წერს, რომ 29 ფეხბურთელმა „ბებერ ქალბატონთან“ 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ზაფხულში გერმანელი თავისუფალი აგენტი გახდება, ამიტომ ტურინელები მას უფასოდ გაიფორმებენ.
რუდიგერს სერია A-ში თამაშის გამოცდილება აქვს. 2015 წლიდან 2017 წლამდე „რომაში“ თამაშობდა. 2017 წლის ივლისში კი „ჩელსიმ“ ის დაახლოებით 34 მილიონ ფუნტად გამოისყიდა.
გერმანელისთვის ბრძოლაში ფავორიტებად აქამდე პსჟ და „რეალი“ ითვლებოდნენ, თუმცა ვითარება მოულოდნელად შეიცვალა და „იუვენტუსმა“ ყველას დაასწრო.
Sky Sports-ი ერთი კვირის წინ წერდა, რომ ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში „ლურჯებს“ უამრავი შანსი ჰქონდათ, რომ რუდიგერთან კონტრაქტი გაეფორმებინათ. ანტონიომ ლონდონელთა რამდენიმე წინადადება უარყო და უფრო სარფიანი შეთავაზების მოლოდინში იყო, მაგრამ რომან აბრამოვიჩთან დაკავშირებული ვითარების გამო, პრაქტიკულად გამორიცხულია, „ჩელსიმ“ მისი მოთხოვნების დაკმაყოფილება შეძლოს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ, „ჩელსი“ თანახმა იყო, რუდიგერისთვის ყოველკვირეულად 140 000 გირვანქა სტერლინგი გადაეხადა. მოგვიანებით ეს თანხა 200 000 გირვანქამდე ავიდა, მაგრამ „ლურჯებმა“ გერმანელისგან თანხმობა მაინც ვერ მიიღეს.
ამრიგად, შესაძლოა გუნდში რუდიგერის მისვლის შემდეგ, მატიის დე ლიხტის მომავალთან დაკავშირებული ჭორები სიმართლე გამოდგეს და ნიდერლანდელმა გუნდი შეიცვალოს.