რობერტ ლევანდოვსკიმ გერმანულ Bild-თან თავისი მომავლის შესახებ ვრცლად ისაუბრა და როგორც მოსალოდნელი იყო ღიად საუბარს არ მოერიდა.
- როგორ ფიქრობთ, ზაფხულში კლუბს დატოვებთ?
„არ ვიცი. კიდევ ერთი წელი მაქვს კონტრაქტი, ამიტომ კლუბს წასვლის ნებართვა ვთხოვე. ვფიქრობ, ეს საუკეთესო გამოსავალია ამ სიტუაციაში, მით უმეტეს, რომ კლუბს მაინც შეუძლია ჩემი გაშვებით თანხა გამოიმუშაოს. მაქვს შესაძლებლობა, რომ ახალ კლუბში ახალი გამოწვევა მივიღო, კიდევ რამდენიმე წლით. ეს ჩემი სურვილია. თავიდანვე ვთქვი, რომ უნდა ვეძებოთ გამოსავალი, რომელიც ორივე მხარეს მოერგება. ბაიერნი არის ერთ-ერთი უდიდესი კლუბი მსოფლიოში, ბევრი დიდი ფეხბურთელის საოცნებო კლუბი. ვფიქრობ, სჯობს ბაიერნმა მიიღოს ის თანხა, რაც შეუძლია ჩემს სანაცვლოდ გამოიმუშაოს, ვიდრე კონტრაქტის დასრულებამდე კიდევ ერთი წლით დამიტოვოს. არაფრის დაძალება არ მინდა, საქმე ამაში როდია. ეს არის საუკეთესო გამოსავლის პოვნა“.
- ბაიერნში მკაფიოდ თქვეს: „ლევანდოვსკი კონტრაქტს შეასრულებს".
„ამაზე არაფრის თქმა არ მინდა, რადგან ძალიან ბევრს ლაპარაკობენ და წერენ. ზოგიერთი განცხადება ხშირად არასწორად არის გადმოცემული ან გაზვიადებული. მინდა ეს დასრულდეს. ემოციები უნდა გაცივდეს, მინდა მშვიდად ვილაპარაკო და არა მედიით. მე ვიცი, რომ კონფლიქტები ხშირად ხდება სათაურების გამო. მაგრამ მე და ბაიერნი მტრები არ ვართ. ყოველთვის ვცდილობდი გამეკეთებინა ყველაფერი, რომ ბაიერნმა გუნდისა და გულშემატკივრების მოლოდინები გამემართლებინა. ვაფასებ ბაიერნის გულშემატკივრებს, ისინი ყოველთვის მხარს მიჭერდნენ. ჩემს სიტუაციაში გულწრფელი რომ არ ვიყო, ვიგრძნობდი, რომ უსამართლოდ ვიქცევი გულშემატკივრების მიმართ. ვიცი, რომ ისინი დღეს უამრავ ემოციას განიცდიან, მაგრამ იმედი მაქვს, ოდესმე გულშემატკივრები გამიგებენ“.
- უმადური და ეგოისტი ხარ?
„არა. მე არ ვარ ეგოისტი. მე ვიცი, რაც მქონდა ბაიერნში და ნამდვილად ვაფასებ ამას. ისიც ვიცი, რომ ბოლო რვა წლის განმავლობაში ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ კლუბისა და გულშემატკივრებისთვის იმედები არ გამეცრუებინა. ამ დროის შემდეგ ვგრძნობ, რომ ახალი ეტაპის დროა“.
- მაგრამ შენ მაინც გაქვს კონტრაქტი...
„ბაიერნს და მის წესებს პატივს ვცემ. მაგრამ ცვლილება, განსაკუთრებით ამდენი ხნის შემდეგ, კლუბისა და მოთამაშის ცხოვრების ნაწილია. იმედია ეგოისტურად არ ჟღერს. მე მაქვს კონტრაქტი, მაგრამ ვცდილობდი კლუბს გაეგო, რას ვგრძნობ“.
- ბაიერნი შენთვის წარსულშია?
„კლუბს ვაცნობე და საჯაროდ განვაცხადე, რომ გადავწყვიტე კონტრაქტი არ გავაგრძელო. ასე რომ, აღარ ვისაუბროთ ჩემს მომავალზე ბაიერნში. მინდა, რომ სპეკულაციებს ბოლო მოეღოს“.
- განაცხადა პოლონელმა Bild-თან ინტერვიუში.