„ბარსელონა“ კვლავ კრიტიკულ ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფება.
ამის შესახებ კატალონიელთა ვიცე-პრეზიდენტმა ეკონომიკურ საკითხებში ედუარდ რომეუმ განაცხადა.
- როგორ დაახასიათებდით კლუბის ამჟამინდელ ეკონომიკურ მდგომარეობას?
„მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია, მაგრამ შარშანდელთან შედარებით უპირატესობა გვაქვს - ვიცით რა პოზიციაზე ვართ და არსებული პრობლემები გამოვკვეთეთ. ჩვენ ვიცით რა არის დრამა“.
- რა თანხაა საჭირო ამ დრამიდან გამოსასვლელად?
„ყველაზე დიდ ზიანს არსებული დისბალანსი გვაყენებს. ჩვენი დეფიციტი 500 მილიონი ევროა. ამ თანხას კიდევ 150 მილიონი ევრო შეიძლება დამატებოდა, ჩვენ რომ არაფერი გაგვეკეთებინა. 500 მილიონი ევრო საკმარისია ბარსას გადასარჩენად“, -
განაცხადა რომეუმ.
რის გაკეთებას გეგმავს ბარსა?
ESPN-ის ცნობით, „კამპ ნოუზე“ აპირებენ, რომ ლა ლიგის მატჩების სატელევიზიო უფლებებიდან მიღებული სამომავლო შემოსავლის 25 პროცენტი გაყიდონ, რაც კლუბს დაახლოებით 500 მილიონ ევროს მოუტანს. გარდა ამისა, განიხილება ლიცენზიებისა და მერჩენდაიზინგის სფეროს 50-პროცენტიანი წილის გაყიდვაც, რაც კლუბს 200 მილიონ ევროს მისცემს.
კატალონიელებმა დროულად უნდა იმოქმედონ, რომ სატრანსფერო ბაზარზე გამოუვალ მდგომარეობაში არ აღმოჩნდნენ.