მას შემდეგ, რაც კრიშტიანუმ „იუნაიტედიდან“ წასვლა მოითხოვა, მისით ბევრი გუნდი დაინტერესდა. გამონაკლისი არც ლონდონის „ჩელსი“ გახლავთ. ბევრი სანდო წყარო წერს, რომ „არისტოკრატები“ პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის შესაძენად მზად არიან.
ერთ-ერთი ასეთი კი ბრიტანული გამოცემა The Athletic გახლავთ. ვიგებთ, რომ ტოდ ბოელი კრიშტიანუს გადასაბირებლად ყველაფერს გააკეთებს. წყაროს ცნობით, „ჩელსის“ ახალი პრეზიდენტი პორტუგალიელი ფეხბურთელის აგენტს ჟორჟე მენდეშს შეხვდა და ტრანსფერის დეტალები განიხილეს.
როგორც ცნობილი ხდება, ფინანსები პრობლემა არ არის და ამ ყველაფერს „არისტოკრატები“ უზრუნველყოფენ. ერთადერთი პრობლემა შესაძლოა ტომას ტუხელის პოზიცია იყოს. გერმანელი სპეციალისტი თვლის, რომ ის რონალდუს უნდა შეხვდეს და ტაქტიკურ მონახაზზე უნდა ესაუბროს. ტუხელის აზრით, მნიშვნელოვანია, რომ მათი საფეხბურთო შეხედულებები ერთმანეთს დაემთხვეს.
შეგახსენებთ, რომ ლონდონის „ჩელსი“ კრიშტიანუს პარალელურად ჟიულ კუნდეს, ნეიმარის და რაჰიმ სტერლინგის ტრანსფერზე მუშაობს. როგორც ჩანს, ტოდ ბოელს საკმაოდ დიდი ამბიციები აქვს და „ჩელსის“ ევროპულ მწვერვალზე აყვანას აპირებს.