„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელი, კრიშტიანუ რონალდუ გუნდის მეორე ვარჯიშსაც გამოტოვებს. ამ ინფორმაციას გავლენიანი ბრიტანული გამოცემა, The Athletic-ი ავრცელებს და მიზეზი ისევ ოჯახურ საკითხებს უკავშირდება.
პარასკევს, „წითელი ეშმაკები“ საზაფხულო ტურნეს იწყებენ და ტაილანდში უნდა გაემგზავრონ. The Athletic-ის ცნობით, კლუბში წარმოდგენა არ აქვთ, რონალდუ როდის დაბრუნდება და თუ ეს პარასკევამდე არ მოხდა, შესაძლოა, ვითარება ძალიან დაიძაბოს.
როგორც მოგეხსენებათ, „მანჩესტერში“ რონალდუს შვებულებიდან დაბრუნებას გუშინ ელოდნენ და წესითა და რიგით, მას კლუბის ხელმძღვანელობასთან ერთად, მომავალი უნდა განეხილა. Telegraph-ის ცნობით, „მანჩესტერის“ წარმომადგენლებს სურდათ, გუშინვე გაეგოთ, რამდენად მტკიცედ აქვს მას ადგილსამყოფლის გამოცვლა გადაწყვეტილი, თუმცა არაფერი გამოუვიდათ.
ცნობისთვის, ბოლო დღეებში აქტიურად იწერება, რომ პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს კლუბის დატოვება სურს. მისით რამდენიმე ცნობილი გუნდი ინტერესდება და ერთ-ერთი მათგანი „ჩელსი“ გახლავთ. რამდენიმე საათის წინ, AS-მა რონალდუ „ბარსელონას“ დაუკავშირა, მაგრამ მოგვიანებით, ხერარდ რომერომ დაწერა, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.