რობერტ ლევანდოვსკის მომავალი კვლავინდებურად გაურკვეველია. პოლონელ ფეხბურთელს „ბაიერნის“ დატოვება სურს და მისი გადაბირების მსურველი „ბარსელონა“ გახლავთ, მაგრამ ფრანგული პრესის ინფორმაციით, „ბლაუგრანას“ სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა.
L’Équipe-ი წერს, რომ ლევანდოვსკის საკუთარ რიგებში ხილვა „პარი სენ-ჟერმენს“ სურს. პარიზელთა ინტერესის შესახებ ინფორმაცია ადრეც გავრცელდა, მაგრამ ფრანგულ გამოცემას თუ დავუჯერებთ, ამჯერად, ყველაფერი სერიოზულია და „პარკ დე პრენსის“ ბინადრები კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას აპირებენ.
პსჟ-ს ხელმძღვანელები შეტევის გაძლიერების ნომერ პირველ ვარიანტად სწორედ ლევანდოვსკის მოიაზრებენ და პოლონელისა და კილიან მბაპეს დუეტზე ოცნებობენ. „პარი სენ-ჟერმენს“ სურს, კონკურენტებს აჯობოს და თუ შანსი გაუჩნდება, მის გამოსაყენებლად უკან არაფერზე დაიხევს.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონამ“ „ბაიერნს“ რამდენიმე წინადადებით მიმართა და „რეკორდმაისტერისგან“ უარი მიიღო. „ბლაუგრანა“ გერმანელების მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და ვერც იმას ახერხებს, რომ მიუნხენელები დათმობებზე დაიყოლიოს. ეს „პარი სენ-ჟერმენს“ შანსს უჩენს და ბევრი რამ უახლოეს დღეებში გადაწყდება.