50 mtavari movlena mesistvis

0 2
ავატარი
Nukri
#1

2004 წლის 16 ოქტომბერს შედგა არგენტინელი ვარსკვლავის ოფიციალური დებიუტი ბლაუგრანას რიგებში. მას შემდეგ მესი უდიდესი ნაბიჯებით მიდიოდა წინ, საბოლოოდ კი მიაღწია უმაღლეს მწვერვალებს: მოიგო უამრავი ტიტული, დაამყარა უამრავი რეკორდი და გახდა მსოფლიოში ნომერ პირველი.

ეხლა კი მოდი ყველამ ერთად ერთგვარი შეჯამება გავუკეთოთ ლეოს ათ წელიწადს კატალონიურ გრანდში და გავიხსენოთ ამ დროის მანძილზე 50 მთავარი მოვლენა, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა მესის გაზრდაში. ფაქტები რაღათქმაუნდა ქრონოლოგიურად არის დალაგებული.

1. 2004 წლის 16 ოქტომბერი

სწორედ ამ დღეს შედგა მესის ოფიციალური დებიუტი "ბარსელონას" რიგებში. ლიონელმა კატალონიურ დერბიში ბოლო რვა წუთი დაჰყო მინდორზე "ესპანიოლის" წინააღმდეგ. არგენტინელმა მატჩში ერთადერთი გოლის ავტორი დეკო შეცვალა და მაშინ სულ რაღაც 17 წლისა და 114 დღის იყო, რითიც "ბარსელონას" ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი გახდა. შემდეგ ეს რეკორდი ბოიან კრკიჩმა დაამხო.

2. 2005 წლის 1 მაისი

მესის პირველი გოლი შეაგდო "ბარსელონას" მაისურით. ეს ესპანეთის პრიმერა დივიზიონის შეხვედრაში მოხდა, კამპ ნოუზე, "აბლისელესტეს" წინააღმდეგ, როდესაც ლეო გენიალურ რონალდინიოს უწევდა პარტნიორობას. მაშინდელ გუნდში მთავარი ვარსკვლავი სწორედ ვირტუოზი ბრაზილიელი იყო, რომელმაც მესის სადებიუტო გოლში მთავარი წვლილი შეიტანა. მესიმ დაიწყო შეტევა, რონალდინიოს გადააწოდა ბურთი, რომელმაც ჩინებული პასით პირისპირ გაიყვანა ლეო მეკარესთან და ამ უკანასკნელმაც ყველაფერი იდეალურად შეასრულა.

3. 2005 წლის 5 ნოემბერი
ლეომ პირველად გამოიჩინა თავი ჩემპიონთა ლიგაზე. "ბარსელონამ" შინ გაანადგურა "პანათინაიკოსი" და შემტევ ფეხბურთში თავისი ადგილი ლეომაც იპოვა. არგენტინელი მარტივად გასცდა ბერძენთა ორ მცველს და მშვენიერი მოძრაობით გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარის ბადეში. მესის გარდა მარკ ვან ბომელმაც გამოიჩინა თავი, კამერუნელმა სამუელ ეტოომ კი საკუთარ ანგარიშზე ჰეთ-რიქი ჩაიწერა.

4. 2006 წლის 19 ნოემბერი
მესის პირველი ელ კლასიკო სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართა და ფრენკ რაიკარდის გუნდმა ბრწყინვალე ფეხბურთი აჩვენა. თუმცა მაშინ მესი არ ყოფილა მთავარ როლში, მისი თამაში წარმატებულად ითვლეობა გუნდურ მოქმედებებში, ინდივიდუალურად კი ბრწყინავდა რონალდინიო. შეუდარებელმა ბრაზილიელმა დუბლი გაიფორმა, "ბარსამ" კი 3:0 გაანადგურა პრინციპული მოწინააღმდეგე. მატჩის მთავარი მომენტი კი რათქმაუნდა იყო რონალდინიოს მეორე ბურთი, რომლის შემდეგაც მთელი სტადიონი ფეხზე წამომდგარი აპლოდისმენტებით აჯილდოვებდა ბრაზილიელს, მათ შორის მადრიდისტებიც.

5. 2006 წლის 22 თებერვალი
მესი პირველად უპირისპირდება ჟოზე მოურინიოს გუნდს. "ბარსელონა" სტემფორდ ბრიჯს ესტუმრა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური პირველი შეხვედრის ეგიდით, ლეომ კი საკუთარ მაჯრვენა ფლანგზე გააწამა დელ ორნო. პირველი ტაიმის მიწურულს სწორედ არგენტინელის წინააღმდეგ უხეთი თამაშის გამო მიიღო პირდაპირი წითელი ბარათი ესპანელმა მცველმა. "ბარსელონაში ბევრი კარგი თეატრია და ამ ბიჭს კარგად უსწავლია მსახიობობა", - აღნიშნა მატჩის შემდეგ გაბრაზებულმა მოურინიომ. "ბარსელონამ" 2:1 მოიგო, მესიმ ჟოზეს კრიტიკას ყურადღება არ მიაქცია, მაგრამ სამწუხაროდ დაიმტვრა და გამოტოვა სეზონის დარჩენილი ნაწილი. ამ დროს კი კატალონიელებმა ესპანეთის ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოიგეს.

6. 2007 წლის 10 მარტი

არგენტინელი გვევლინება "ბარსელონას" ლიდერად და სამი გოლი გააქვს ელ კლასიკოში, რომელიც კამპ ნოუზე გაიმართა და საბოლოოდ 3😺 დასრულდა. სამეფო კლუბი საჩემპიონო ტიტულს უმიზნებს, "ბარსელონას" კი არც ისე კარგი პერიოდი აქვს. "რეალს" სურს, რომ კატალონიაში მოიპოვოს სამი ქულა, მაგრამ ახალგაზრდა ლეო ჩრდილავს თვით რონალდინიოს, იღებს საკუთარ თავზე ყველაფერს და ჰეთ-რიქს იფორმებს კლასიკოში. არგენტინელმა პრაქტიკულად მარტომ მოიპოვა ქულა და "ბარსელონას" ისტორიაში ახალი ფურცელი გადაშალა.

7. 2007 წლის 17 აპრილი

ლეო მესის და დიეგო მარადონას შედარება უფრო პოპულარული გახდა, რადგან "ბარსელონას" ათიანმა ფაქტიურად დააკოპირა დიდი არმანდოს მიერ გატანილი გოლი 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ. ესპანეთის სამეფო თასის მატჩში "ხეტაფეს" წინააღმდეგ, მესიმ მოედნის ცენტრში მიიღო ბურთი და ფანტასტიკური სოლორეიდი შემოგვთავაზა, რომლის დროსაც ხუთი მოწინააღმდეგე გააცურა. "ბარსამ" შინ გაანადგურა მეტოქე, მაგრამ სტუმრად დიდი ანგარიშით წააგო. მიუხედავად ამისა ყველა საუბრობდა ლეოზე, რომელმაც ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გოლი შეაგდო.

8. 2008 წლის 27 თებერვალი

ლეომ მეასე მატჩი ჩაატარა "ბარსელონას" მაისურით, მაგრამ ეს შეხვედრა წარუმატებელი გამოდგა როგორც პირადად მისთვის, ასევე გუნდისათვის. კატალონიელებმა მხოლოდ 93-ე წუთზე გადაარჩინეს მატჩი ესპანეთის სამეფო თასის ნახევარფინალში და 1:1 ითამაშეს შინ "ვალენსიასთან". მესტალიაზე ღამურებმა 3:2 იმარჯვეს და გავიდნენ ფინალში. "ბარსელონა" დარჩა ტიტულის გარეშე, ფრენკ რაიკარდის ერა დასრულდა.

9. 2008 წლის 31 აგვისტო
ლეო მესი და მისი თანაგუნდელები პირველ ოფიციალურ მატჩს ატარებენ ახალი მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით. პრიმერა დივიზიონის პირველ ტურში კატალონიელებმა სენსაციურად წააგეს სტუმრად "ნუმანსიასთან" 0:1. წარუმატებელი სტარტის შემდეგ "ბარსელონამ" 22 მატჩიანი წაუგებელი სერია გამოაცხო ეროვნულ ჩემპიონატში.

10. 2009 წლის 2 მაისი

პეპ გვარდიოლას გუნდი სანტიაგო ბერნაბეუზე ასამარებს მადრიდის "რეალს" და 6:2 იმარჯვებს. მესიმ დუბლი გაიფორმა, აგრეთვე ორი გოლი ჩაიწერა აქტივში ტიერი ანრიმ. კარლეს პუიოლმა და ხერარდ პიკემ კი თითოჯერ აიღეს იკერ კასილასის კარი. ამ გენიალური გამარჯვებით "ბარსელონამ" წერტილი დაუსვა საჩემპიონო რბოლას და სამეფო კლუბი ნოკაუტში ჩააგდო. ამის შემდეგ მადრიდელებმა ხელი ჩაიქნიეს და ჩემპიონატი ზედიზედ ხუთი მარცხით დაასრულეს.

11. 2009 წლის 13 მაისი
სამ წლიანი უტიტულო სერიის შემდეგ "ბარსელონა" ესპანეთის სამეფო თასის ფინალში ადვილად უმკლავდება მადრიდის "ატლეტიკოს" და გვარდიოლას ეპოქაში პირველი ტიტულიც მოგებულია. მესიმ ერთი გოლი გაიტანა, მის გარდა თავი ია ია ტურემ, ბოიან კრკიჩმა დ ხავიმ გამოიჩინეს.

12. 2009 წლის 16 მაისი
"რეალის" მორიგი მარცხის შემდეგ "ბარსელონა" მიუწვდომელი ხდება სამეფო კლუბისათვის და კატალონიელები ნაადრევად იფორმებენ პრიმერა დივიზიონის ტიტულს. მესის ეროვნულ ჩემპიონატში 23 გოლი გაიტანა და გუნდის მეორე საუკეთესო ბომბარდირი გახდა სამუელ ეტოოს შემდეგ, რომელმაც 30 ბურთი შეაგდო. ლა ლიგის ბომბარდირთა სიაშ კი მეოთე ადგილი დაიკავა

13. 2009 წლის 27 მაისი

ლეო მესის და კრიშტიანო რონალდოს პირველი დიდი დაპირისპირება. 2009 წელს, რომში გამართული ჩემპიონთა ლიგის ფინალი "ბარსელონამ" დამაჯერებლად მოიგო 2:0 და ისტორიაში მესამედ მოიპოვა ევროპის ყველაზე პრესტიჟული თასი. აღსანიშნავია, რომ სერ ალექს ფერგიუოსნის გუნდმა კარგად დაიწყო, მაგრამ "ბარსას" პირველივე გააზრებული შეტევა ეტოოს გატანილი ბურთით დასრულდა. მეორე ტაიმში კი მესიმ ხავის იდეალური გადაცემის შემდეგ დიდებული თავური შეასრულა და საბოლოო წერტილი დასვა.

14. 2009 წლის 1 დეკემბერი

ლეომ პირველი ოქროს ბურთი მოიგო კარიერაში. ეს იყო ბოლო ოქროს ბურთი, რომელიც "France football"-ის ჟურნალისტებმა გადასცეს გამარჯვებულს. არგენტინელს წარმატებაში არავის ეპარებოდა ეჭვი, რაზეც შედეგებიც მეტყველებს: ლეომ ორჯერ მეტი ქულა აიღო ვიდრე მისმა მთავარმა კონკურენტმა კრიშტიანო რონალდომ - 473 233-ს წინააღმდეგ. მესამე ადგილი ხავიმ დაიკავა, ხუთეულში კი კიდევ ორი "ბარსელონას" მოთამაშე შევიდა: ანდრეს ინიესტა და სამუელ ეტოო.

15. 2009 წლის 19 დეკემბერი
პეპ გვარდიოლას "ბარსელონა" სეზონში მეექვსე ტიტულს იგებს, რომელიც აბუ-დაბიში მოიპოვეს კლუბთა მსოფლიო ჩემპიონატის სახით. მესიმ ტურნირზე ორი გოლი გაიტანა, თანაც ფინალში გამარჯვების ბურთი შეუგდო "ესტუდიანტესს". ლეომ ტურნირის საუკეთესო მოთამაშის პრიზი მიიღო, "ბარსელონამ" კი ისტორიაში პირველად მოიპოვა ეს ტიტული.

16. 2010 წლის 16 იანვარი
"ბარსელონა" საკუთარ მოედანზე ძალიან მარტივად გაუსწორდა "სევილიას" ანგარიშით 4:0, ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მორიგი ტურის ეგიდით. ლეომ კი კატალონიური კლუბის მაისურით მეასე და ასმეერთე გოლები გაიტანა.

17. 2010 წლის 24 მარტი
მესიმ მეორასე მატჩი ჩაატარა "ბარსელონას" მაისურით, მაგრამ ამ იუბილის გოლით აღნიშვნა კატალონიელმა ვერ მოახერხა. მიუხედავად ამისა კატალონიელებმა კამპ ნოუზე ზლატან იბრაჰიმოვიჩის და ბოიანის გოლებით დაამარცხეს "ოსასუნა". პეპის გუნდი მორიგი ტიტულისკენ მიიწევს.

18. 2010 წლის 6 აპრილი

ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მეოთხედფინალში, კამპ ნოუზე, "ბარსელონამ" 4:1 გაანადგურა ლონდონის "არსენალი" და ოთხივე გოლი ლეოს ანგარიშზეა. მატჩის შემდეგ მეთოფეთა მთავარმა მწვრთნელმა, გენიალურმა არსენ ვენგერმა აღნიშნა, რომ მესი არის "ფლეისთეიშენის ფეხბურთელი". მესიმ ალმუნიას კარში ულამაზესი გოლები შეყარა და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა, მაგრამ "ბარსელონა" ნახევარფინალში დამარცხდა. პეპის გუნდი ჟოზე მოურინიოს "ინტერმა" გამოაგდო, რომელმაც კამპ ნოუზ ე.წ ავტობუსი დააყენა.

19. 2010 წლის 10 აპრილი

"ბარსელონამ" დაამარცხა სანტიაგო ბერნაბეუზე "რეალი" და გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვა საჩემპიონო რბოლაში. პირველი გოლი ლეომ გაიტანა სწრაფად გათამაშებული საჯარიმოს შედეგად, მეორე ნახევარში კი საკუთარი გუნდის უპირატესობა პედრო როდრიგესმა გაამყარა. "ბარსამ" მოიგო ჩემპიონი, მესი კი გახდა ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი - 34 გოლი.

20. 2010 წლის 21 აგვისტო

ესპანეთის სუპერთასის პირველი შეხვედრის, რამონ სანჩეს პენხუანზე 1:4 განადგურების შემდეგ, "ბარსელონამ" კამპ ნოუზე მოახერხა სასწაულებრივ ჩამორჩენის აღმოფქვრა. ამაში კი უდიდესი წვლილი შეიტანა ლეო მესიმ, რომელმაც სამი გოლი შეაგდო პალოპის კარში. "ბარსელონამ" სუპერთასიც ჩაიგდო ხელთ.

21. 2010 წლის 20 ოქტომბერი
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ეგიდით გამართულ შეხვედრაში "კოპენჰაგენის" წინააღმდეგ, ლეომ დუბლი გაიფორმა და დაეწია კატალონიური გრანდის ლეგენდა რივალდოს ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი გოლების რაოდენობით - 31. ცხადია ძალიან მესი ბლაუგრანას ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა ჩემპიონთა ლიგაზე და საგრძნობლად გაზრდა სხვაობა.

22. 2010 წლის 29 ნოემბერი

"ბარსელონამ" კამპ ნოუზე გადაუარა მადრიდის "რეალს" და 5:0 დაასამარა ჟოზე მოურინიოს გუნდი, რომლისთვისაც ეს იყო პირველი ელ კლასიკო. მესიმ თავად ვერ გაიტანა, მაგრამ ორი საგოლე პასი გაუკეთა დავიდ ვილას. ელ გუახეს გარდა თავი ხავიმ, პედრომ და ხეფრენმა გამოიჩინეს.

23. 2011 წლის 10 იანვარი
მესიმ მეორე ოქროს ბურთი მოიგო კარიერაში, რომელიც პირველად გასცა Fifa-მ. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ლეომ გოლის გატანაც კი ვერ მოახერხა, მაინც მიიღო ხმების 22,65% და აჯობა თანაგუნდელ ანდრეს ინიესტას და ხავის, რომელთაც სამხრეთ აფრიკაში ოქროს მედლები მოიპოვეს.

24. 2011 წლის 27 აპრილი

გახსოვთ ეს საოცრება? ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში "ბარსელონამ" სანტიაგო ბერნაბეუზე ბოლო წუთებზე ლეო მესის დუბლით 2:0 დაამარცხა "რეალი" და უდიდესი ნაბიჯი გადადგა ფინალისკენ. არგენტინელის მეორე ბურთი კი სამუდამოდ შევიდა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში და გააოცა გულშემატკივრები. მესიმ მიიღო ბურთი ცენტრში, დაიძრა, მოატყუა "რეალის" რამოდენიმე მოთამაშე, იკერ კასილასიც ჩამოიტოვა და ბურთი შეაგორა კარის ბადეში. ეს ლეგენდარული გოლი არავის არასოდეს დაავიწყდება.

25. 2011 წლის 28 მაისი

1992 წელს "ბარსელონამ" პირველად მოიგო ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი, როდესაც უემბლიზე გამართულ ფინალში "სამპდორია" დაამარცხა რონალდ კუმანის უძლიერესი გასროლით. 2011 წელს კი კატალონიელებმა უემბლიზე ჩემპიონთა ლიგა მოიგეს და კვლავ "მანჩესტერ იუნაიტედი" დაამარცეს გადამწყვეტ შეხვედრაში. ლეომ 1:1-ზე ჩინებული გოლი გაიტანა, რასაც დავიდ ვილას კიდევ უფრო უკეთესი დარტყმა მოჰყვა, რამაც საბოლოოდ გადაწყვიტა გამარჯვებულის ბედი.

26. 2011 წლის 17 აგვისტო
მადრიში ფრის შემდეგ(2:2), რომელშიც მესიმ ერთი გოლი გაიტანა, ესპანეთის სუპერთასის განმეორებით შეხვედრაში, კამპ ნოუზე ლეომ დუბლი გაიფორმა და 3:2 მოიგო გვარდიოლას გუნდმა. არგენტინელმა დიდებული თამაშით მორიგი ტიტული მოუპოვა საკუთარ გუნდს.

27. 2011 წლის 26 აგვისტო
უეფას სუპერთასის შეხვედრაში, რომელიც მონაკოში გაიმართა, "ბარსელონამ" მარტივად დაამარცხა "პორტო". ანგარიში მესიმ გახსნა პირველი ტაიმის მიწურულს, სესკ ფაბრეგასმა კი საბოლოოდ გადაწყვიტა შეხვედრის ბედი. აღსანიშნავია, რომ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ანდრეს ინიესტა დასახელდა.

28. 2011 წლის 28 სექტემბერი
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფრ ეტაპზე ბორისოვის "ბატეს" წინააღმდეგ გაფორმებული დუბლის შემდეგ ლეო დაეწია "ბარსელონას" ისტორიაში, ევროტურნირებზე ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირ ლადისლა კუბალოს ბლაუგრანას მაისურით გატანილი გოლების რაოდენობით - 194.

29. 2011 წლის 1 ნოემბერი
მესიმ ჰეთ-რიქი გაიფორმა ვიქტრია "პლზენის" წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაზე და გარდა იმისა, რომ მორიგი გამარჯვება მოუპოვა "ბარსელონას", 200 გოლიანი ზღვარი გადალახა კარიერაში.

30. 2011 წლის 18 დეკემბერი
კლუბთა მსოფლიო ჩემპიონატზე "ბარსელონა" ფინალურ შეხვედრაში "სანტოსს" დაუპირისპირდა, რომლის ლიდერიც ლეოს ამჟამინდელი პარტნიორი ნეიმარი იყო. იოკაგომაში "ბარსამ" 4:0 გაანადგურა ბრაზილიური კლუბი, არგენტინელმა კი დუბლი გაიფორმა და ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

31. 2012 წლის 15 იანვარი

მესიმ მოახერხა მესამე ოქროს ბურთის მოგება და სამუდამოდ შევიდა ისტორიაში. არგენტინელმა უდიდესი უპირატესობით მოიგო ეს პრიზი, მან ხმების ფაქტიურად 48% მიიღო და უკან ჩამოიტოვა კრიშტიანო რონალდო და ხავი.

32. 2012 წლის 6 თებერვალი

კატალონიის "ბარსეონას" და არგენტინის ეროვნული ნაკრების ლიდერი გახდა პირველი ფეხბურთელი ფეხბურთის ისტორიაში, რომელიც ლეგენდარული ბრიტანული ჟურნალის "Time"-ის ყდაზე მოხვდა. "მეფე ლეო. მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი, შესაძლოა არამხოლოდ ამჟამად, არამედ ისტორიაში ნომერ პირველი", - ასეთი სათაურით იყო დამშვენებული საკმაოდ პრესტიჟული ჟურნალი.

33. 2012 წლის 7 მარტი

ლეო შეუჩერებელია ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მერვედფინალურ შეხვედრაში ლევერკუზენის "ბაიერის" წინააღმდეგ. კამპ ნოუზე გვარდიოლას გუნდმა 7:1 გააცამტვერა გერმანული გუნდი, მესიმ კი ხუთი გოლი გაიტანა. არგენტინელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ამ ტურნირზე ხუთი გოლის გატანა მოახერხა ერთ შეხვედრაში.

34. 2012 წლის 20 მარტი
ლეო აგრძელებს კატალონიური კლუბის ისტორიის დაწერას. "ბარსელონამ" 5😺 დაამარცხა "ლევანტე" პრიმერა დივიზიონის ეგიდით და ლეომ აღნიშნულ შეხვედრაში ჰეთ-რიქი გაიფორმა, რის შემდეგაც "ბარსელონას" მაისურით 232 გატანილი ბურთი დაუგროვდა. ამ მაჩვენებლით მესი დაეწია "ბარსას" ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირ სესარ როდრიგესს, რომლის მიღწევაც მიუწვდომელი ჩანდა, მაგრამ არგენტინელმა ეს მოახერხა.

35. 2012 წლის 5 მაისი

პეპ გვარდიოლამ ბოლო მატჩი ჩაატარა ესპანეთის ჩემპიონატში "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე. კატალონიურ დერბიში ბლაუგრანამ 4:0 იმარჯვა და ოთხივე ბურთი ლეოს ანგარიშზეა. აი ასე ლამაზად დაემშვიდობა არგენტინელი ესპანელს, რომელმაც მესი ნამდვილ ბომბარდირად და მსოფლიოს ნომერ პირველ ფეხბურთელად აქცია. შესაძლოა სწორედ მისი ხელმძღვანელობით თამაშობდა მესი საუკეთესო ფეხბურთს კარიერაში.

36. 2012 წლის 25 მაისი
პეპ გვარდიოლას ბოლო სეზონში "ბარსამ" მეორე ადგილი დაიკავა ლა ლიგაში, ჩემპიონთა ლიგაზე ნახევარფინალში დამარცხდა ლონდონის "ჩელსისთან" და ტკივილი მცირედით შეიმსუბუქა ესპანეთის თასის მოგებით. ფინალში კატალონიელებმა ბილბაოს "ატლეტიკი" გაანადგურეს და ყველაფერი პირველ ტაიმში გადაწყვიტეს, როდესაც ბასკთა კარში სამი გოლი შეაგდეს. ერთ-ერთი რათქმაუნდა მესის ანგარიშზე იყო.

37. 2012 წლის 9 დეკემბერი

ლეომ მორიგი გამარჯვება მოუტანა "ბარსელონას" ესპანეთის პრიმერა დივიზიონში, როდესაც მისი დუბლით ბლაუგრანამ 2:1 დაამარცხა "ბეტისი". თუმცა ამ ორი გოლის წყალობით მესიმ მორიგი შთამბეჭდავი რეკორდი დაამყარა. ამჯერად მისი მსხვერპლი ლეგენდარული ბომბარდირი გერდ მიულერი გახდა, რომელმაც 1973 წელს 85 გოლი შეაგდო და ერთი წლის განმავლობაში გატანილი ბურთების რაოდენობით ამდენი ხნის მანძილზე ვერავინ მოხსნა ეს რეკორდი. თუმცა მესი ჯერ დაეწია, შემდეგ კი გადასწრო გერდს და ამ რეკორდსაც დაეუფლა.

38. 2012 წლის 22 დეკემბერი
ვალიადოლიდში "ბარელონამ" ადგილობრივი კლუბი 3:1 დაამარცხა და ბოლო ბურთი ლეო მესიმ გაიტანა. ეს ბურთი კი მისთვის 91-ე გამოდგა კალენდარულ წელიწადში და ეს ციფრი შევიდა ისტორიაში. მესიმ "ბარსას" მაისურით 79, არგენტინის ნაკრების რიგებში კი 12 გოლი გაიტანა 2012 წელს.

39. 2013 წლის 7 იანვარი

ლეო მესიმ მეოთხედ მოიპოვა მსოფლიოში საუკეთესო მოთამაშის პრიზი და გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც სამზე მეტი ოქროს ბურთი მოაგროვა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ექსპრეტი და გულშემატკივარი უპირატესობას ანდრეს ინიესტას ანიჭებდა ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენები ბრწყინვალე თამაშის გამო, მესიმ დიდი უპირატესობით მოიგო, მან ხმების 65,41% მიიღო, მეორეზე გავიდა რონალდო, მესამეზე კი - ინიესტა.

40. 2013 წლის 13 იანვარი
პეპ გვარდიოლას შემდეგ გუნდი მისმა ასისტენტმა ტიტო ვილანოვამ ჩაიაბარა და პირველ წრეში ერთადერთხელ დაკარგა ქულები მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ. პირველი წრის ბოლო მატჩი კი "ბარსელონამ" "მალაგას" მოუგო, მესიმ კი დუბლი გაიფორმა. არგენტინელს პირველ წრეში 28 გოლი დაუგროვდა, რაც აქამდე არავის გაუკეთებია ესპანეთში.

41. 2013 წლის 16 თებერვალი
მესიმ მორიგი გამარჯვება მოუტანა "ბარსელონას" ლა ლიგაში და დუბლი გაიფორმა სტუმრად "გრანადას" წინააღმდეგ. სწორედ ამ გოლების წყალობით არგენტინელმა განაგრძო 14 მატჩიანი გოლების სერია და გარდა ამისა კარიერაში 300 ბურთიან ზღვარს მიაღწია.

42. 2013 წლის 30 მარტი
მესიმ გოლი გაიტანა "სელტასთან" გასვლით თამაშში და შეკრა წრე - მან გაუტანა გოლი პრიმერა დივიზიონში მყოფ ცხრამეტივე გუნდს, რაც არავის არასოდეს არ გაუკეთებია და ნამდვილად წარმოუდგენელი მიღწევაა. მანამდე ლეოს ვერ გაქონდა გოლი ბალიადოსეზე, მაგრამ ეს გამოასწორა. იმ საღამოს ბლაუგრანამ მაინც ვერ მოიგო - 2:2.

43. 2013 წლის 11 მაისი

"ბარსელონამ" ესპანური ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო პირველი წრე ჩაატარა - მოიპოვა 55 ქულა შესაძლებელი 57-დან, მეორე ნახევარში კი კიდევ 45 დაუმატა და ეროვნული ჩემპიონატი ზუსტად 100 ქულით დაასრულა პირველ ადგილზე. ეს არის ერთადერთი ტიტული ტიტო ვილანოვას კარიერაში, მესი კი 46 გატანილი გოლით პაჩიჩის მფლობელი გახდა.

44. 2014 წლის 7 იანვარი
2013 წლის 10 ნოემბერს მესის ბარძაყის სერიოზული ტრავმა მიიღო, რის გამოც გამოტოვა დიდი დრო. ლიონელი დაუბრუნდა მინდორს იანვარში, ესპანეთის სამეფო თასის მატჩში "ხეტაფეს" წინააღმდეგ. არგენტინელი მეორე ტაიმში გავიდა და დუბლი გაიფორმა. განსაკუთრებით ლამაზი იყო მისი მეორე გოლი, როდესაც მეტოქე ლამაზად მოატყუა და ბურთი კარის ბადეში ჩასვა. მეორე დღეს კატალონიური პრესა წერდა, რომ მეფე დაბრუნდა.

45. 2014 წლის 22 იანვარი
ესპანეთის სამეფო თასის მატჩი "ლევანტეს" წინააღმდეგ მესისთვის 400-ე გამოდგა "ბარსელონას" მაისურით. ის გამარჯვების ინიციატორი გახდა, რადგან სამი იდეალური საგოლე პასი გაუკეთა კრისტიან ტელოს და მიიღო მონაწილეობა იმ შეტევაში, რომელიც ხუანფრანის ავტოგოლით დასრულდა. ეს მატჩი იმითა გახდა დასამახსოვრებელი, რომ ბოლო გამოდგა სანდრო როსელის ეპოქაში. მეორე დღეს ის უკვე აღარ იყო კლუბის პრეზიდენტი.

46. 2014 წლის 16 მარტი
მესიმ კიდევ ერთი რეკორდი პრიმერა დივიზიონის მატჩში დაამაყარა "ოსასუნას" წინააღმდეგ, რომელიც ბლაუგრანამ 7:0 მოიგო კამპ ნოუზე. მესიმ ჰეთ-რიქი გააფორმა და გადაასწრო "ბარსელონას" ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს ყველა ტურნირზე ერთად, ამხანაგურების ჩათვლით, პაოლო ალკანტარას.

47. 2014 წლის 23 მარტი
სანტიაგო ბერნაბეუზე გამართული დიდებული ელ კლასიკო "ბარსელონა" მოიგო 4😺, ლეომ კი ჰეთ-რიქი გაიფორმა და გააწამა სამეფო კლუბის მცველები. გარდა იმისა, რომ არგენტინელმა სამი ქულა მოუპოვა საკუთარ გუნდს, ის გახდა ელ კლასიკოების ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი 21 გოლით. არგენტინელმა თანამემამულე ალფრედო დი სტეფანოს რეკორდი მოხსნა, რომელმაც თავის დროზე 18 ბურთი შეაგდო ელ კლასიკოებში.

48. 2014 წლის 24 აგვისტო
ესპანეთის ჩემპიონატის ახალ სეზონში ლეო მესიმ გაიტანა პირველი გოლი ლუის ენრიკეს ეპოქაში, რომელიც მთავარი მწვრთნელის პოსტზე ამ ზაფხულს მივიდა უტიტულო სეზონის შემდეგ. "ელჩესთან" ლეომ დუბლი გაიფორმა, კიდევ ერთი გოლი კი მუნირ ელ-ადადის ანგარიშზეა.

49. 2014 წლის 27 სექტემბერი
"ბარსელონამ" კამპ ნოუზე 6:0 გაანადგურა "გრანადა", მესიმ კი იმ შეხვედრაში მე-400 და 401-ე გოლები გაიტანა კარიერაში. "ვერასოდის წარმოვიდგენდი თუ ოდესმე მსგავს შედეგს მივღწევდი. მიუხედავად ამისა არ ვაპირებ დავკმაყოფილდე მიღწეულით", - განაცხადა თავად ლეომ.

50. 2014 წლის 4 ოქტომბერი
"რაიო ვალეკანოსთან" გატანილი გოლით მესი კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა გილერმო სარის რეკორდს. ბილბაოს "ატლეტიკის" ლეგენდარულმა თავდამსხმელმა 251 გოლი გაიტანა ესპანეთის ჩემპიონატში და ამ მაჩვენებლით საუკეთესო ისტორიაში. მესის კი ამ რეკორდამდე ორი გოლიღა აკლია.