„1918 წლის იანვრის ათს დავით-გარეჯის უდაბნოს დაეცა თათრების (იგულისხმება „აზერბაიჯანელების“) შეიარაღებული რაზმი. რაზმს თან ახლდნენ უიარაღონიც. მთლად გაძარცვეს უდაბნო, გახრწნეს, ბერები დალახეს, ყარაულს იარაღი აჰყარეს და უწყალოდ სცემეს, დაამტვრიეს და მილეწ-მოლეწეს კანდელები, ტრაპეზები, ხატები. ისე გახრწნეს რო, უბრალო სკამიც კი არ დაუტოვებიათ. მოგეხსენებათ, რომ დავით-გარეჯის უდაბნო შესანიშნავი ისტორიული ნაშთია, აღსავსე ფასდაუდებელი ისტორიულის მნიშვნელობის საღმრთო ნივთებითა. ასეთი დღე ამ უდაბნოს არ დასდგომია შაჰაბაზის დროსაც კი. გაძარცვა არ აკმარეს, შენობებს ცეცხლი წაუკიდეს ყოველი მხრივ. ხალხი ჩაეშველა უდაბნოს და ცეცხლი ჩააქრო, მაგრამ დარჩა მხოლოდ ცარიელი დამწვარი ფიცრები. სიმდიდრე ხომ წაიღეს, შეაგინეს, შეურაცხყვეს და წაბილწეს ისტორიული სიწმინდენი და ძეგლნი – ეს არ აკმარეს. აიღეს ჩვენივე, ბერების წერაქვები და ჩვენ თვალ წინ დაანგრიეს, დალეწეს, ლუკმა-ლუკმა აქციეს ტაძრების კანდელები, ტრაპეზები, ხატები, გააფუჭეს გამოკვეთილებში მხატვრობა, თითქოს განგებ შემოსევია ვინმე და დაუვალებია, ყოველივე ნიშან-წყალი გაექროთ ძველის ქართული კულტურისა. შეუბრალებლად სცემეს ბერებს, დაატიტვლეს და ღვთის-ანაბარად დატოვეს. ეს ადგილები ჩვენია, – გვიყვიროდნენ ისინი შეკითხვაზე, – მთავრობამ ჩვენ გვაკუთვნა, როგორც გვსურს, ისე მოვიხმართო; გვნებავს – დავანგრევთ, გვნებავს –დავწვავთო. მე მგონი, ქართველი ერი მოვალეა, ხმა ამოიღოს და მოსთხოვოს თათართა საეროვნო საბჭოს, ალაგმონ თავისი ხალხი, ნუ იწვევენ უსიამოვნობის და გადახდის ჟინსა“.