Qartuli fexburti

51 5
ავატარი
Nukri ავტორი
#47
რთულია განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ კლუბის შიგნითაც ვერ არის ყველაფერი დაწყობილი და ბევრი იმას ფიქრობს, ფეხი როგორ და როდის გადაგიბრუნდება, რათა ამით ისარგებლოს და კბილი გაგკრას.

ისრაელის კვალობაზე "მაკაბი" კარგად დაკომპლექტებული გუნდია. ის შოთას ხელმძღვანელობით შევიდა ევროპალიგის ჯგუფში. ეს უკვე მიღწევა იყო. მეტს კი ორი თანაბარი შემადგენლობა სჭირდება.

ძალიან მინდა, შოთა ნაღდ ევროპულ გუნდში ვიხილო - აწყობილ სისტემაში, ისეთ გარემოში, სადაც მწვრთნელს მოუწევს მხოლოდ მწვრთნელობა და ის აბსოლუტურად თავისუფალი იქნება სხვა პრობლემებისგან.

შოთა ჯერ "მაკაბის" მწვრთნელია, თუმცა ისე ჩანს, მას ექნება არჩევანი გასაკეთებელი ორ ვარიანტს შორის. რა თქმა უნდა, მან უკეთესად იცის თავისი საქმისა, მე კი მის ადგილზე მაინც "ალკმაარს" ავირჩევდი.

რუსულ კლუბს ჰყავს უკეთესი შემადგენლობა და აქვს უფრო მეტი ფული საკუთარი გეგმების განხორციელებისთვის.

"ალკმაარს" კი აქვს აწყობილი სისტემა. ჰოლანდიაში მწვრთნელს აქვს უფრო დიდი ნდობა, ვიდრე რუსეთში და მეტი კარტ-ბლანში. საფეხბურთო თვალსაზრისით, ჰოლანდია ნაღდი ევროპაა, რუსეთს კი ჯერ აქამდე ბევრი უკლია. რუსეთში შეიძლება ერთ თვეში ვიღაცამ აღმოაჩინოს, რომ შენ ზედმეტი ხარ და იმ ვიღაცის სიტყვა გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

"ალკმაარი" და ზოგადად, ჰოლანდიის ჩემპიონატი ნამდვილი სამჭედლოა კარგი მწვრთნელებისა და კარგი ფეხბურთელებისთვის. ახლა ისე ჩანს, რომ იქ მისვლის შემთხვევაში, შოთას ექნება დიდი ნდობა და ეს აუცილებელია მწვრთნელისთვის.

სხვა თუ არაფერი, არველაძეს უკვე აქვს ამ გუნდში მწვრთნელად მუშაობის გამოცდილება და იცის, რა და როგორ არის იქ.

ერთიც: "ალკმაარი" თამაშობს იმ ფეხბურთს, რომელიც უყვარს შოთას - შემტევს, გახსნილს, შემოქმედებითს...
ავატარი
Nukri ავტორი
#48
8 დეკემბერს შოთა არველაძის "მაკაბი" ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში ირლანდიურ "დანდალკს" მასპინძლობს.

ქართველი მწვრთნელის ბედი დიდად არის დამოკიდებული ამ მატჩის შედეგზე, რადგან ებრაული მედიის ცნობით, წარუმატებლობის შემთხვევაში შოთას თანამდებობას დაატოვებინებენ.

ირლანდიურ Irish Mirror-თან ინტერვიუში გუნდის ლიდერმა ტალ ბენ ჰაიმმა შოთა არველაძეს მხარი დაუჭირა:

"მთელი გუნდი უჭერს მხარს მწვრთნელს. დიდი ხანია, კრიზისი გვაქვს, გოლიც ვერ გაგვიტანია, მაგრამ ჩვენ ბევრს ვმუშაობთ ამის გამოსასწორებლად. დარწმუნებული ვარ, რომ მალე "მაკაბი" უკეთ ათამაშდება", - განაცხადა ბენ ჰაიმმა.
ავატარი
Nukri ავტორი
#49
საქართველოს ნაკრებისა და ბორისოვის ბატე-ს ნახევარმცველმა ვაკო (ვალერიან) გვილიამ ბელორუსულ საიტ pressball.by-ს გამოჩენილ ქართველებზე - ფეხბურთელებზე, პოლიტიკოსებსა და საზოგადო მოღვაწეებზე თავისი აზრი გაუზიარა. ვაკო საიტის კითხვებს მამასთან, იაროსლავთან ერთად პასუხობდა.

ჩვენ ვრცელი მასალიდან ვაკო გვილიას მეტ-ნაკლებად საინტერესო შეხედულებები ამოვარჩიეთ.

ფეხბურთზე
- ფეხბურთის სიყვარული მამისგან მაქვს. მას ფეხბურთელობა სურდა, მაგრამ პაპამ არ დართო ვარჯიშის ნება, რადგან სურდა, შვილი ექიმის პროფესიას დაუფლებოდა. მოგეხსენებათ, მაშინ სხვა დრო იყო... და ვინაიდან ფეხბურთელი ვერ გახდა, მამაჩემმა ოცნების ასრულება ჩემით მოინდომა. მან ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ ფეხბურთელი გავმხდარიყავი. და მეც თავს არ ვზოგავ, რომ იმედები გავუმართლო.

ჩივაძესა და ყიფიანზე
- მაშინდელი მატჩების ჩანაწერები მრავლად მაქვს ნანახი. სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ჩივაძე მუშაობდა და ხმები დადიოდა, რომ ჩემი მიწვევაც სურდა. მაგრამ იმხანად მე უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებში გამოვდიოდი. საბოლოოდ ის ნაკრები გია გეგუჩაძემ ჩაიბარა, მე კი უკრაინის ჩემპიონატიდან წამოვედი, დავიბრუნე საქართველოს მოქალაქეობა და რაზეც ყოველთვის ვოცნებობდი, ჩავიცვი საქართველოს ნაკრების ფორმა. ჩივაძესთან არ მიმუშავია და შეიძლება ითქვას, პირადად არ ვიცნობ. თუმცა, ერთხელ მოლდოვასთან მატჩის (1:1) შემდეგ იყო შემოსული გასახდელში და გვითხრა, რომ ყველაფერი კარგად იქნება და შედეგის გამო არ დავღონებულიყავით.

ბავშვობაში აღფრთოვანებული ვიყავი დავით ყიფიანის თამაშით. ის ჩემი საყვარელი ფეხბურთელია. 1981 წელს თბილისის "დინამომ" ისტორია დაწერა, ასახელა საქართველო. ყიფიანი ლიდერი იყო, თამაშობდა სსრკ-ის ნაკრებში, მოიგო თასების მფლობელთა თასი... ის იყო ძალიან ჭკვიანი და ელეგანტური მოთამაშე, რომელიც ბრწყინვალედ ხედავდა მოედანს. მის პასს მეტოქის მთელი დაცვის მორღვევა შეეძლო. მისი თამაშის მანერიდან გარკვეული ელემენტების გადაღებას ვცდილობ.

გვყავდა სხვა დიდი ფეხბურთელებიც: ოთარ გაბელია, მიხეილ მესხი, სლავა მეტრეველი, ალექსანდრე ჩივაძე... ის ვარსკლავური შემადგენლობა იყო. 6-7 კაცი სსრკ-ის ნაკრებში გამოდიოდა, კაპიტანი კი ჩივაძე იყო. ისტორიის განმავლობაში ორი ქართველი იყო სსრკ-ის ნაკრების კაპიტანი - ჩივაძე და მურთაზ ხურცილავა.

კალაძეზე, ქინქლაძესა და კანკავაზე
კალაძემ ადამიანებს ფეხბურთით გააცნო საქართველო. როდესაც პატარა ვიყავი და სხვა ქვეყანაში ვცხოვრობდი, მეკითხებოდნენ: "საიდან ხარ?" ვპასუხობდი: "საქართველოდან". და როდესაც ისინი გაკვირვებულები მიყურებდნენ და ვერ იხსენებდნენ ასეთ ქვეყანას, ვამატებდი ერთ სიტყვას: "კალაძე". და მაშინ უმალ ხვდებოდნენ, სადაურიც ვიყავი.

კალაძე დამოუკიდებელი საქართველოს ნომერ პირველი ფეხბურთელია. მან ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, მოიგო იტალიის ჩემპიონატი და თასი... მან ყველაფერს შრომით მიაღწია. მას ძალიან დიდ პატივს სცემენ.

ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელი იყო გიორგი ქინქლაძე. დღეს ის ნამდვილად ითამაშებდა მესისა და რონალდოს დონეზე. ქინქლაძე აქამდე რჩება "მანჩესტერ სიტის" ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად. უდიდესი ტალანტის მიუხედავად, სამწუხაროდ, მისი კარიერა ისე ვერ აეწყო, როგორც მოელოდნენ.

კარგი თავდამსხმელი იყო გიორგი დემეტრაძე, რომელიც კიევის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრებში უთამაშია. ის ეროვნული გუნდის ხუთ საუკეთესო ბომბარდირს შორისაა. სწრაფი და ტექნიკური იყო. ვიცი, რომ ის ციხეში იჯდა, თუმცა დეტალებში ჩახედული არ ვარ და გამიჭირდება ამაზე საუბარი.

დღეს საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად ჯაბა
კანკავას მივიჩნევ. ჯაბა ჩემი საყვარელი მოთამაშეა - დიდებული, მაგრამ ძალიან თავმდაბალი ადამიანი. ყველაფერს დიდი შრომით მიაღწია და შეიძლებას ითქვას, რომ ოქროს ფეხბურთელია.

რუსთაველზე, დუმბაძესა და გომელაურზე
საქართველოში ბევრი კარგი ავტორია. შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი" შეუდარებელია. მისი სახელობის გამზირი არამხოლოდ თბილისში, ხარკოვში, ტაშკენტსა და სხვა ქალაქებშიცაა. რუსთაველის მხოლოდ ეს ერთი პოემაა ცნობილი.

ასევე ძალიან მომწონს გალაკტიონ ტაბიძის, ნიკო გომელაურის ლექსები. ისინი თავ-თავიანთი დროის გენიოსები იყვნენ. კიდევ მომწონს უდიდესი მწერალი ნოდარ დუმბაძე.

ზოგადად, ძალიან მიყვარს კითხვა. ვცდილობ, წიგნით განვვითარდე. ჩემი საყვარელი მწერალი კი ჯეკ ლონდონია, რჩეული ნაწარმოები კი "მარტინ იდენი". ეს საუკეთესია წიგნია, რომელიც ოდესმე წამიკითხავს. ვფიქრობ, ის ყველა ადამიანმა უნდა წაიკითხოს.

კიკაბიძეზე, დანელიასა და "ჯარისკაცის მამაზე"
- მიყვარს ქართული კინო. განსაკუთრებით ძველი ფილმები მომწონს - მხიარული და აზრიანია. აი, თუნდაც "მიმინო" - ვინ არ იცის ის? კიკაბიძე და მკრტიჩიანი ერთად დიდებულად თამაშობენ. ეს ბრწყინვალე დუეტია მსახიობების, ალბათ საუკეთესოც საბჭოთა კინოში. გიორგი დანელია გამოჩენილი რეჟისორი იყო. მის ბევრ ფილმში თამაშობს კიკაბიძე.

ბევრი კარგი ქართული ფილმია. იგივე რეზო ჩხეიძის "ჯარისკაცის მამა", გადასარევი ფილმია, რომელიც ყველამ უნდა ნახოს.

და კიდევ, ყველას ვურჩევ ნახოს ყარამან მგელაძის "ფესვები". ძალიან კარგი ფილმია.

პოლიტიკასა და სტალინზე
- პოლიტიკით განსაკუთრებით არ ვინტერესდები. ვფიქრობ, პოლიტიკა იყო, არის და იქნება და მასში არის რაღაცები, რაში გარკვევაც გვერდიდან არცთუ იოლია. უბრალოდ მსურს, უდანაშაულო ადამიანები არ იღუპებოდნენ.

სტალინი? მასზე შეხედულება რომ ჩამოგიყალიბდეს, ისტორიას უნდა ჩაუღრმავდე. ამას არც ერთი დღე ეყოფა და არც ერთი თვე, საკმაოდ შრომატევადი საქმეა. როდესაც არაფერი იცი და გაიძახი რაღაცას სტალინზე ან ვინმე სხვაზე...

მოგეხსენებათ, ყველა ადამიანს აქვს პლუსები და მინუსები. კაცი ყველასთვის მოსაწონი ვერ იქნება. უფალიც კი არ მოსწონს ყველას. ყველა სხვადასხვაგვარად ფიქრობს - ვიღაცისთვის სტალინი კარგია, ვიღაცისთვის ცუდი. ფაქტებით უნდა იხელმძღვანელო...

ფაქტია ის, რომ ჰიტლერს მიზნად სსრკ-ის მოსახლეობის 90 პროცენტის გაწყვეტა სურდა - ქართველებისაც, ბელორუსებისაც და სხვა ხალხებისაც. დარჩენილი 10 პროცენტს კი მონებად უპირებდა გადაქცევას. სტალინის მადლიერნი თუნდაც იმის გამო უნდა ვიყოთ, ასეთი რამ არ მოხდა. დღეს ალბათ არც ვიქნებოდით...
ავატარი
Nukri ავტორი
#50
რუსულმა ინტერნეტპორტალმა championat.com-მა ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა საქართველოს ნაკრების შემტევ თორნიკე ოქრიაშვილთან. მას შემდეგ, რაც "ზენიტს" სუპერგოლი გაუტანა, 24 წლის ქართველი უმალ სასურველი რესპონდენტი გახდა ყველა რუსული სპორტული გამოცემისთვის...

როგორ ხუმრობს შალიმოვი?
- დავიწყოთ თქვენ მიერ "ზენიტის" კარში გატანილი სუპერგოლით. არ გაგიკვირდათ, როცა გაიტანეთ?
- "გაკვირვება" ის სიტყვა არ არის. საერთოდ ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა. გოლის შემდეგ დაახლოებით 15 წამის განმავლობაში არაფერი მახსოვს. სრულ ეიფორიაში ვიყავი. ვფიქრობ, ეს ნორმალურია, ასეც უნდა ყოფილიყო.

- თავიდანვე გადაწყვიტეთ, რომ სწორედ ასე უნდა დაგერტყათ?
- არა, იქ ტორბინსკი მორბოდა. თავიდან გადავწყვიტე, მისთვის დამეგდო ბურთი, მაგრამ დრო აღარ იყო დარჩენილი, ვარიანტებიც აღარ მქონდა... მსაჯს შეეძლო, საფინალო სასტვენი მიეცა... და გადავწყვიტე, დამერტყა, საკუთარ თავზე ამეღო მატჩის ბედი.

- მეკარე ლოდიგინი გატანაში ძალიან დაგეხმარათ?
- რა თქმა უნდა. მან კარის ხაზი დაკარგა. არ ელოდა ჩემგან ასეთ დარტყმას და ამიტომაც ვერაფერი გააწყო. ისე, თეორიულად, ამ ბურთის მოგერიება შესაძლებელი იყო.

- კლუბის პრეზიდენტმა გალიცკიმ როგორ მოგილოცათ შედევრი?
- მას დღემდე ძალიან მოსწონს გოლი, რომელიც საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ბელორუსს გავუტანე. ის გასახდელში შემოვიდა და მითხრა - გილოცავ, დღეს შენ იმაზე უკეთესი გაიტანე, ვიდრე ბელორუსთანო!..

- შალიმოვი შოკში იყო თქვენი გოლის შემდეგ?
- არა, გასახდელში უკვე დაწყნარებული იყო. უბრალოდ, მადლობა გვითხრა ყველას კლასიანი "ქამბექისთვის". სამაგიეროდ, ვარჯიშზე ხუმრობდა. მე ძალიან კარგი მომენტი ვერ გამოვიყენე. დაბალი დავარტყი. დაბალს რატომ უტყამ?! "მაკრატელა" დაარტყი, აუცილებლად გაიტანო, - ასე გამეხუმრა...

- თანაგუნდელებიც ხუმრობენ ამ თემაზე?
- არა. უბრალოდ, ჩვენ ყველა ვარჯიშზე ვამუშავებთ კონკრეტულ ელემენტებს. მაგალითად, ფლანგური ჩაწოდებების შემდეგ "მაკრატელა" დარტყმებს. ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას არა, მაგრამ მე მიყვარს ასე დარტყმა. სადღეისოდ, ეს ჩემს კარიერაში ყველაზე ლამაზი გოლია. ადრეც გამიტანია ლამაზი გოლები, მაგრამ ასეთი მნიშვნელოვანი - არასოდეს.

- და ბოლო კითხვა გოლზე. ამიერიდან სავარჯიშო შარვალს სულ მიმტან ბიჭუნას მისცემთ თამაშის დაწყებამდე, როგორც ეს გააკეთეთ "ზენიტთან" მატჩამდე?
- ის, რაც ვთქვი მატჩის შემდეგ, ხუმრობა იყო. ეს არ იქნება ტრადიცია. დამცხა გახურების დროს, სულ ოფლიანი ვიყავი. თუ ოფლიანი ხარ, უნდა გაიხადო საწვრთნელი შარვალი და "მაკრატელათი" გაიტანო, სახალხო მეთოდია... (იცინის).

გროზნოში გაიტანეს და... ეგრევე ლეკური...
- ცოტა ხნის წინ შალიმოვმა თქვა, რომ "კრასნოდარის" თამაშის ხარისხი ყველაზე უკეთესია პრემიერლიგაში. ეთანხმებით ამ შეფასებას?
- რა თქმა უნდა! რუსეთის ჩემპიონატში ბევრი ძლიერი გუნდია, თუმცა ჩვენ სხვანაირად თამაშს ვცდილობთ. ბურთი სულ ძირს არის, სულ მოკლე პასი... ასე ვთამაშობთ მაშინაც კი, თუ ყველაფერი არ გამოდის. ჩემი აზრით, ძალიან მაგარი სტილია.

- შეიძლება ითქვას, რომ კარერას "სპარტაკი" ალენიჩევის "სპარტაკის" გზას მიჰყვება. შეიძლება იგივე ითქვას "კრასნოდარზე", შალიმოვსა და კონონოვზე?
- "კრასნოდარში"
რომ მოვედი, რამდენიმე დღე ვივარჯიშე და კონონოვმა გუნდი დატოვა. სასიამოვნოა, რომ წინა მწვრთნელმა გუნდს ბევრი მისცა, დაამკვიდრა ასეთი სტილი. შალიმოვს რევოლუცია არ მოუხდენია. ჩვენ ისეთი მჭიდრო გრაფიკით ვთამაშობთ, არც არის თამაშში გლობალური ცვლილებების შეტანის საშუალება.

- "ზენიტთან" გატანილი გოლის შემდეგ მოსალოდნელი იყო, რომ "ტერეკთან" ძირითადში ითამაშებდით. ერთია, იყოთ "ჯოკერი" და მეორე - თავდაუზოგავად ირბინოთ მთელი 90 წუთი...
- ძალიან რთული თამაში გამოვიდა. არ მეგონა, თუ ასე გაგვიჭირდებოდა. "ტერეკს" ყველაფერი გამოუვიდა, ჩვენ კი უამრავი შეცდომა დავუშვით. რა თქმა უნდა, მე პირველივე წუთიდან თამაში მინდა. არ მიყვარს თადარიგში ყოფნა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, "ჯოკერობა" უფრო იოლია. ჩემს წინა კლუბებში თითქმის ერთნაირი ფეხბურთი იყო - ზონაში გახსნა და მორჩა. "კრასნოდარში" ყველაფერი სხვანაირადაა. ბევრი გადაადგილება, საინტერესო შეტევები... ამას შეჩვევა სჭირდება.

- დიქტორი გროზნოში მაგრად გიშლიდათ ხელს?
- არა. უკრაინაში ხშირად უჭერენ მხარს საკუთარ გუნდს რუპორით. ძალიან გამაკვირვა ლეკურმა "ტერეკის" გოლის შემდეგ. წარმოიდგინეთ - გადის გოლი და... ეგრევე ლეკური...

- რა თქვა ვლადიმირ ბისტროვმა, როცა "კრასნოდარში" გნახათ?
- ქართველო, გამარჯობაო! ჩვენ ხომ დიდი ხნის წინ "ზენიტის" ვარჯიშზე შევხვდით ერთმანეთს. მასთან ვერ მოიწყენ, ყველგან ხუმრობს...

სპალეტის "ზენიტში" დღეში შვიდ საათს ვვარჯიშობდით...
- წარსულშიც გავიხედოთ. 18 წლის ოქრიაშვილმა დაიჯერა, რომ მას საქართველოდან პირდაპირ "ზენიტში" დაუძახეს?
- თავიდან არც კი ვიცოდი, რომელ გუნდში წავიდოდი. ჯერ მითხრეს, რომ ავსტრიის ძლიერ გუნდთან ერთად ვარჯიშის საშუალება იყო. მერე თემურ ლეფსაიამ მითხრა, რომ ავსტრიული გუნდი კი არა, "ზენიტი" ყოფილა. დიდი მადლობა მას ამისთვის!

- გამიგია, რომ ლუჩანო სპალეტი თქვენით აღტაცებული იყო...
- სულ მცირე, ის მე მამჩნევდა. პირველივე ვარჯიშზე დუბლი შევასრულე და ამით წარმოვაჩინე თავი. სპალეტი არასოდეს მაკრიტიკებდა. პირიქით, ყურადღებას მაქცევდა, მაქებდა...

- მაშ, რა არ გამოვიდა?
- შეკრების ბოლოს სპალეტი მოვიდა ჩემთან და მითხრა - კარგი ფეხბურთელი ხარ, მაგრამ პირველ გუნდში შენი თამაში ჯერ ადრეაო. საქართველოს შემდეგ "ზენიტის" დონით შოკირებული ვიყავი. კერჟაკოვი, ბისტროვი, ანიუკოვი... ამ გუნდში ხომ რუსეთის საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობდნენ. შეიძლებოდა ჩემი დატოვება და გაზრდა, მაგრამ... სხვანაირად გამოვიდა.

- ვინ დაგეხმარათ "ზენიტში" ყველაზე მეტად? ვინ აიღო მეურვეობა ახალგაზრდა ქართველზე?
- პატარა, მელოტი იტალიელი... გვარი ამომივარდა თავიდან... მოიცათ... აჰა, გამახსენდა - როზინა! ძალიან კარგი კაცი... პირველი ვარჯიშის შემდეგ სასადილოში ყველასგან მოშორებით დავჯექი. ის მომიახლოვდა და ინგლისურად მითხრა - მოდი, ჩვენს მაგიდასთან დაჯექიო...

- უძლებდით სპალეტის დატვირთვებს?
- შოკში ვიყავი. დღეში შვიდი საათი ვმუშაობდით. სამი ვარჯიში გვქონდა. ნომრამდე ძლივს მივდიოდი, თუმცა არავისთვის მიკითხავს - როგორ უძლებთ-მეთქი? მორიდებული ვიყავი. ახლა მივეჩვიე ყველაფერს. უკრაინულ დატვირთვებთან შედარებით რუსული არაფერია. კუპერის ტესტს სულ ვაბარებდი. "ილიჩევეცში" იყო მწვრთნელი, რომლის შესახებ მთელმა უკრაინამ იცის: მას ყველაზე მეტად უყვარს, როცა მისი შეგირდები დარბიან. იმდენი ვირბინე...

- ქართველი ხართ თუ კენიელი?
- დიახ, "ილიჩევეცში" ბიჭებმა "კენიელი" შემარქვეს. ქართველები კი ამბობენ, რა ქართველი ხარ, ამდენს რომელი ქართველი დარბის, კენიელი ხარო?.. მოკლედ, უსეინ ბოლტი ვარ (იცინის).

- რას იზამდა ადრიანო ჩელენტანო, რომ გაიგოს, როგორ მღერით მის სიმღერას?
- საიდან იცით ეს ისტორია? ოთხი წლის წინ, დაბადების დღეზე ვიმღერე ეს სიმღერა მეგობრების წრეში. არც კი ვიცოდი, თუ ცნობილი ფაქტი იყო. თამადამ თქვა - აბა, იტალიურად ვინ იმღერებსო. ავიღე მიკროფონი და ვიმღერე. რა თქმა უნდა, ცუდად გამომივიდა. ჩელენტანო თავს ჩამოიხრჩობდა, ეს რომ მოესმინა...

"შახტარს" ვჭირდებოდი, მაგრამ...
- მართალია, რომ "შახტარში" თქვენი ეიმედებოდათ?
- ინტერესი ძალიან დიდი იყო. დამარწმუნეს, რომ "შახტარს" ვჭირდებოდი. ისინი ხედავდნენ ჩემში პოტენციალს და უნდოდათ, ის განევითარებინათ. ალბათ, არ აცნობეს ლუჩესკუს ამის თაობაზე...

- მან თქვენ პირადად დაგბლოკათ?
- ზედაც არ მიყურებდა! ვარჯიშებზე საერთოდ ვერ მამჩნევდა. გამოვდიოდი, ვცდილობდი, მაგრამ ვხვდებოდი, რომ ლუჩესკუსთვის სულერთი იყო. "ზენიტის" ვარჯიშებზე ჩანდა, როგორ აკვირდებოდა სპალეტი ახალგაზრდა ფეხბურთელებს. ლუჩესკუზე კი ამას ვერ ვიტყვი.

- ბრაზილიური "შახტარის" ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება რეალური იყო?
- იქ ახალგაზრდების არ ეიმედებოდათ. ბრაზილიელები კი სრულ წესრიგში იყვნენ. ალბათ, ესეც იყო მიზეზი, რომ ახალგაზრდებს არ მოგვცეს შანსი...

- "ზენიტის" კარში გატანილი გოლი - ეს იყო შურისძიებაც ლუჩესკუზე?
- შურისძიება გამორიცხეთ! არ მაქვს არანაირი პირადი პრეტენზია ლუჩესკუს მიმართ. უბრალოდ, მე ვიყავი ბედნიერი, რომ გავუტანე "ზენიტს" და ლუჩესკუს.

- რინატ ახმეტოვმა იმთავითვე შემოგთავაზათ სოლიდური ხელფასი - 15 ათასი ევრო...
- ეს ისეთი სასიამოვნო იყო... საქართველოში 500 დოლარს ვიღებდი. შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ? გავიგე თუ არა "შახტარში" ხელფასის შესახებ, მაშინვე დავურეკე მშობლებს, მეზობლებს, ნათესავებს...

- ბელგიაში გატარებულ პერიოდზე გკითხავთ. ჰყვებიან, რომ ნასვამ მდგომარეობაში მართავდით ავტომობილს, ჩხუბობდით თანაგუნდელებთან...
- უნდა ვაღიარო, რომ თითქმის ყველაფერი სწორია. ცხოვრებაში ბევრი შეცდომა დავუშვი. ამის გამო ძალიან ვწუხვარ. ამ ყველაფერმა შემიშალა ხელი როგორც ადამიანს და როგორც ფეხბურთელს. აღარ მინდა, ის დრო გავიხსენო. ამის გამო უკვე გავიღე საზღაური და ახლა მინდა, მხოლოდ ფეხბურთი ვითამაშო. ვაჩვენო რუსეთში, რომ ოქრიაშვილი ძლიერი, მაღალი კლასის ფეხბურთელია...

ვიზაზე მოვყვები ერთ ამბავს. საქართველოდან ბელგიაში ვბრუნდებოდი. თურქეთის საზღვართან გაირკვა, რომ ჩემს დროებით ვიზას ვადა გაუვიდა. ეს კლუბს უნდა ეკონტროლებინა და არა - მე. "გენკმა" ყველაფერში მე დამადანაშაულა. სამი დღე სტამბოლში ვიყავი. მერე კლუბმა გამართა მოლაპარაკება და დავბრუნდი ბელგიაში. შაბათს დავბრუნდი, კვირას კი უკვე ვითამაშე "გენკში"...

- თქვენ არ მოგწონდათ "გენკის" მწვრთნელი რობ მაასი...
- არა მხოლოდ მე, არამედ "გენკის" თითქმის ყველა ფეხბურთელს არ მოსწონდა ის. მაასი ყოფილი მეკარეა და მას, ასე ვთქვათ, მეკარის სტილში მიჰყავდა საწვრთნელი პროცესი. ვარჯიშის დროს თითქმის მხოლოდ გრძელ გადაცემებს ვაკეთებდით და ბურთისთვის ვიბრძოდით. არანაირი კომბინაცია, არანაირი მრავალფეროვნება...

ხდებოდა ისეც, რომ მივდიოდი და ვეუბნებოდი - ეს რა ვარჯიშია-მეთქი? ცხადია, ასეთი ეპიზოდები ხელს არ უწყობდა ჩვენს მეგობრობას...

- ასეთი ვარჯიშების შემდეგ ნორმალურად თამაშობდით?
- ვთამაშობდით და იცით, რატომ? იმიტომ, რომ არ ვაკეთებდით იმას, რასაც მაასი ითხოვდა. ვცდილობდით, პასი მიგვეცა, გაგვეთამაშებინა ბურთი... ამის გამო ის ძალიან ბრაზდებოდა. როცა ვიგებდით, ის არაფერს ამბობდა. სხვათა შორის, ის დღესაც "გენკში" მუშაობს. გავიგე, რომ შესაძლოა, დაითხოვონ. ასე რომ, ახლა "კრასნოდარში" ფეხბურთისგან "ვკაიფობ". ვარჯიშებზე კი არ იტანჯები, სიამოვნებას იღებ. მოდიხარ და გინდა ფეხბურთის თამაში...

- ბელგიას დიდებული თაობა ჰყავს. იოლი არ უნდა იყოს ძირითადში მოხვედრა უცხოელისთვის, როცა გვერდით ათი მომავალი "აზარი" და "ლუკაკუ" გყავს...
- ამ ქვეყანაში მართლაც ძალიან ბევრი ტალანტია. ბელგიაში იციან ფეხბურთელებთან მუშაობა, იციან, რომ ახალგაზრდებს შანსი უნდა მისცე, რომ გაიზარდონ...

თურქეთში საჭმლისთვის ვთამაშობდი
- თქვენი კარიერის თურქული ეტაპი რით დაგამახსოვრდათ?
- იმით, რომ ხელფასს არ იძლეოდნენ. "ესქიშეჰირში" ხუთი თვის ყოფნის განმავლობაში მე ფული არ მინახავს. მას შემდეგ, რაც მაასთან კონფლიქტი მომივიდა, "გენკიდან" სადმე უნდა წავსულიყავი. სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს გამოჩნდა თურქული ვარიანტი. "ესქიშეჰირის" ფინანსურ მდგომარეობაზე საერთოდ არ ვიცოდი. ჩავედი და ბიჭები მეუბნებიან, კლუბს ვალები აქვს, ხელფასს არც კი ელოდოო.

- საჭმლისთვის თამაშობდით?
- ზუსტად ასე იყო და ბევრჯერ მიხუმრია კიდეც ამაზე. კლუბის ბაზაზე ნორმალური, უფასო კვება იყო. ისე, არ ვნანობ - იყო ცხოვრების საშუალება, თურქეთის ჩემპიონატი კლასიანი პირველობაა. ატმოსფერო ტრიბუნებზე კი... შესანიშნავად ქომაგობენ, ფეხბურთი ძალიან უყვართ. ჩვენი 30-ათასიანი სტადიონი სულ ივსებოდა. და ეს იმ პირობებში, როცა პირველი წრე ჩემს არყოფნაში "ესქიშეჰირმა" ცხრილის ბოლო საფეხურზე დაასრულა. სტამბოლში გასვლით თამაშზე კი 15 ათასი ქომაგი გამოგვყვა გუნდთან ერთად. ასეთ ატმოსფეროში ტვინი ორმაგად სწრაფად მუშაობს, ძალიან სასიამოვნოა თამაში.

- ცოტა ხნის წინ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში უელსს გაუტანეთ და სცადეთ "რაკეტის", იმავე გარეთ ბეილის დაწევა...
- ის ძალიან მაგარია. რამდენჯერმე ვცადე ბურთის ართმევა, ვცადე, გამომეცნო, რას გააკეთებდა. როცა ფიქრობ, რომ გამოგივა ყველაფერი, ბეილი სწორედ მაშინ გატყუებს. ბურთს ვერაფრით აართმევ. ერთმა რამემ კი ძალიან გამაკვირვა. ვერ გავიგე, რატომ აწვდიდა ბეილი ყველა აუტს. 50 მეტრიც რომ იყოს მოწინააღმდეგის კარამდე, მაინც ბეილი მირბის ჩასაწოდებლად. ფლანგს არ აქვს მნიშვნელობა. თითქოს, სტაჟიანი აუტისტი იყოს...

მართლაც უცნაურია - 100 მილიონი ღირხარ და აწვდი აუტებს. ეს არ არის შენი სამუშაო. წავიკითხე ბრიტანული პრესა. ისინიც შოკში არიან ამის გამო.
ავატარი
Nukri ავტორი
#51
ფოთის "კოლხეთის" ყოფილმა ფორვარდმა ლევან შენგელიამ ბელგიის ქვედალიგელ "ტუბიცეში" ბოლოს 20 ნოემბერს, "ლიერსთან" ითამაშა, ერთი კვირის შემდეგ კი, "ლომელთან", მოედანზე მხოლოდ 88-ე წუთზე გამოჩნდა, უმაღლესლიგელ "ოსტენდესთან" სათასო შეხვედრაში კი განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია.

შენგელიას ბელგიაში დავუკავშირდით და საინტერესო სიახლე შევიტყვეთ...

- მცირე ტრავმა მაწუხებდა და "ოსტენდესთან" ამის გამო არ მითამაშია. საერთოდ კი, გუნდში ვითარება შეიცვალა - ახალი მწვრთნელი მოვიდა. ის ვეტერანებს ენდობა, მე კი ხან შემადგენლობაში მაყენებს, ხან კიდევ შეცვლაზე მათამაშებს. ასეთ ვითარებაში "ტუბიცედან" წასვლა მირჩევნია და გამორიცხული არ არის, ახალ წელს სხვა გუნდში გადავიდე. კონკრეტული დაინტერესებაც არის და ვნახოთ, რა გამოვა ამ საქმიდან.

- რომელ გუნდში შეიძლება გიხილოთ?
- აზიური გუნდია. როგორც ვიცი, "ტუბიცე" ჩემთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს, რის შემდეგაც სწორედ აზიაში გამანათხოვრებენ. მერე კი, შესაძლოა, აზიელებმა ტრანსფერი გამოისყიდონ და "ტუბიცემ" ამით ფინანსური სარგებელი ნახოს. ეს საკითხი ახლა ირკვევა.

- მაინც რომელია ეს აზიური გუნდი?
- კორეული "დენჯონ სითიზენი". ზაფხულში იქ შეკრებაზე ვიყავით, ამ გუნდთან საკონტროლო შეხვედრა ჩავატარეთ და გოლი გავუტანე. ეტყობა, იქიდან დამიმახსოვრეს. ახლა ჩემთვის იქ თამაში აჯობებს, რადგან სოლიდური გუნდია, ძალიან მაგარი სტადიონი და ინფასტრუქტურა აქვთ. სხვათა შორის, ამ საქმეში კორეული კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირიც არის ჩართული.

- უკეთეს პირობებს გთავაზობენ?
- პირობები უკეთესია, მაგრამ 21 წლის ვარ და დამიჯერეთ, ჯერ ფულზე იმდენად არ ვფიქრობ, რამდენადაც განვითარებაზე. კორეაში ახლა დიდ ფულს აბანდებენ ფეხბურთში და ძალიან კარგი ჩემპიონატიც აქვთ, დაახლოებით - საშუალოევროპული დონის. კარგად მხოლოდ ევროპასა და სამხრეთ ამერიკაში არ თამაშობენ. იქ მატჩები ისეთ მაღალ ტემპში მიმდინარეობს, შესაძლოა,
ევროპის ბევრ ქვეყანაში არც დასიზმრებიათ, მე კი პროგრესისთვის სწორედ ასეთ ტემპთან შეგუება და ფიზიკური გამძლეობა მჭირდება. საკუთარი თვალებით რომ არ მეხილა, ვერც დავიჯერებდი, ასეთი დონის ფეხბურთი თუ ჰქონდათ.

- ეს გასაგებია, მაგრამ ასეთ ქვეყანაში თამაშობთ და მანდ დარჩენა არ გიჯობთ? ევროპაა მაინც, მეტი ყურადღებაა სკაუტებისგან...
- ბელგიაში მეც მირჩევნია, მაგრამ "ტუბიცე" არც "ანდერლეხტია" და არც "ბრიუგე". ჩემს ვითარებაში კი, 6 თვე კიდევ ბელგიაში დარჩენას ისევ კორეაში თამაში მირჩევნია. აქ გამოცდილება მივიღე, ორთაბრძოლები ვისწავლე და ფიზიკურად მოვმჯობინდი, მაგრამ კორეული გუნდი "ტუბიცეს" ინფრასტრუქტურითაც ჯობია, დონითაც და ფინანსებითაც. მეტი შანსია, რომ კარგად ვითამაშო და მაღალი დონის ფეხბურთელად ჩამოვყალიბდე. თუ არა და, ერთ წელიწადში ისევ ბელგიაში დავბრუნდები. ამ მხრივ სანერვიულო არაფერია, რადგან "ტუბიცეს" ჩემი გაშვება არ სურს.

- კორეაშიც ხომ არ არის პრობლემა ჩვენი პასპორტი?
- ვიზა გვინდა და მეტი არაფერი.

- ბელგიაში კიდევ ორი ქართველი თამაშობს. გიორგი ბერიძისა და ჯიმი ტაბიძის თამაშებს თუ ადევნებთ თვალს?
- ისინი "გენტში" არიან და სათამაშო გრაფიკებიდან გამომდინარე, ამას ვერ ვახერხებ, მაგრამ ვიცი, რომ დუბლებში თამაშობენ და საკმაოდ კარგადაც არიან.
ავატარი
Gaucho
#52
საქართველოს ნაკრების შემტევის, ლევან მჭედლიძის ცხრაწლიანი "ემპოლური" კარიერა სრულდება.
GOAL.GE-ს უტყუარი ინფორმაციით, ქართველ წინახაზელს ზამთარში "ემპოლისთან" ხელშეკრულების ვადა უსრულდება და ახალ კონტრაქტს ხელს არ აწერს.
ჩვენი საიტის ცნობით, 26 წლის ფეხბურთელს ვარიანტები ბუნდესლიგიდან, იტალიის სერია ა-დან და რუსეთის ჩემპიონატიდან აქვს. ფეხბურთელი მის ახალ გუნდს საშობაო არდადეგებზე გადაწყვეტს. თუ რეალური ვარიანტი გერმანიიდან ან იტალიიდან არ ექნება, რუსეთის პრემიერ ლიგას კიდევ ერთი ჩვენებური შეემატება.
ლევან მჭედლიძე "ემპოლიში" 2007 წლიდან თამაშობს. 144 მატჩში ქართველმა იტალიურ გუნდში 14 გოლი გაიტანა.

მსგავსი თემები